ბასიანი

ტატო გეთია: შსს იტყუება, ბასიანის ოფისში შესვლა ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა

ტატო გეთია

კლუბ ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ტატო გეთიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბასიანის ოფისში შესვლა და დოკუმენტების ჩხრეკა მათთან შეთანხმებული არ ყოფილა და უწყება სიცრუეს ავრცელებს. 

"არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა, ეს ყველაფერი დაგვხვდა დილის სიურპრიზად. ისინი მიზანმიმართულად ავრცელებენ მტკნარ სიცრუეს, რომ თითქოს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა.

მე ვერ ვხვდები, შინაგან საქმეთა სამინისტროს რა ესაქმება დეკლარაციებში, ასევე რა კავშირი აქვს იმ საქმესთან, როდესაც ერთი თვის წინ შემოიჭრნენ ბასიანზე - ე.წ ნარკორეალიზატორის საქმეში. ყველამ კარგად იცის, რა და როგორ იყო, როგორი შეკერილი და პოლიტიკური აქტი იყო. ახლა, როგორც ჩანს, სხვა მეთოდებს მიმართავენ, მე ბევრი ახსნა ამისი არ შემიძლია, თუ რა ხდება. ჩვენმა მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, რანაირ პოლიციურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. ბინძურ კამპანიას ეწევიან, სიცრუეს ავრცელებენ, რომ გაუგებრობა შემოიტანონ საქმეში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არანაირი წინასწარი კომუნიკაცია ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა, ჩვენთვის ეს იყო სიურპრიზი და გაუგებარია რატომ ავრცელებენ საკუთარი მედიასაშუალებებით ასეთ სიცრუეს", - თქვა ტატო გეთიამ ტვ პირველის ეთერში. 

დღეს კლუბ ბასიანის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ზვიად გელბახიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბასიანის ოფისში შსს ჩხრეკას ატარებს. 

"ბასიანის ოფისში შ.ს.ს შემოვიდა, ჩხრეკენ ოფისს მიაქვთ ყველა დეკლარაცია. როგორც ჩანს, შოუ არ დამთავრებულა", - დაწერა გელბახიანმა.

შსს-მ კი ჩხრეკის ფაქტი უარყო. 

"არანაირი ჩხრეკა არ მიმდინარეობს. ორივე მხარის შეთანხმებით ხდება გარკვეული დოკუმენტების ამოღება და გაფორმდება შესაბამისი ოქმი", - განაცხადეს უწყებაში. შსს-ს სხვა განმარტება არ გაუკეთებია. 

შინაგან საქმეთა სამინსიტროს თანამშრომლები, სავარაუდოდ, საფინანსო დოკუმენტებს ეცნობიან, რის შემდეგადაც გარკვეულ დეკლარაციებს ამოიღებენ და შესაბამის ოქმს გააუქმებენ. 

ე.წ კლუბების სპეცოპერაცია
 

კლუბებში ბასიანი და გალერი სპეცოპერაცია 12 მაისს ჩატარდა. სამართალდამცველებმა ბასიანსა და გალერიში მყოფ ადამიანებს ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს, მოგვიანებით კი ამ ფაქტის გასაპროტესტებლად შეკრებილი ადამიანები დაარბიეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს სპეცოპერაცია იყო, რომელიც მათ 8 ნარკორეალიზატორის დასაკავებლად ჩაატარეს. მოგვიანებით სახალხო დამცველმა თქვა, რომ ეს ადამიანები არა კლუბის ტერიტორიაზე, არამედ გარეთ დააკავეს. შს მინისტრის განცხადებით, მათი მიზანი იყო, რომ ნარკორეალიზატორები კლუბებს გარეთ დაეკავებინათ, თუმცა - "ერთმა შეგვასწრო".

სპეცოპერაციას საპროტესტო აქციები მიჰყვა, თუმცა, აქციის მეორე დღეს, 13 მაისს, აქციის ორგანიზატორების ნაწილს პარლამენტის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვდა. დაახლოებით ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ გიორგი გახარიამ შეკრებილებს სიტყვით მიმართა, ბოდიში მოიხადა და სამუშაო რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდა. შს მინისტრმა აქციის მონაწილეებს გარკვეული დაპირებებიც მისცა, მათ შორის იყო 12 მაისის ღამეს უფლებების დარღვევის განხილვა, ასევე "ნარკოპოლიტიკის მიმართულებით კონკრეტული შედეგების მიღწევა". აქცია ამის შემდეგ დაიშალა, რამდენიმე კვირაში გაიხსნა კლუბები ბასიანი და გალერიც, რის შემდეგაც ბასიანის გახსნის მოთხოვნით დაანონსებული აქცია გაუქმდა და პროტესტმა კლუბში გადაინაცვლა.

კომენტარები