ბიუროკრატია

მთავრობის სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში 40 ათასი ადამიანი შტატგარეშედ არის გაფორმებული

საქართველოს პარლამენტი

"მცირე მთავრობა" არის სიტყვები, რომლებიც ახალი პრემიერმინისტრისგან, მამუკა ბახტაძისგან ხშირად გვესმის. მისგან მოსახლეობამ უკვე მიიღო დაპირება, რომ მთავრობის ზომა შემცირდება, თუმცა ამ პროექტის ზუსტი მასშტაბები უცნობია.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ცენტრალური მთავრობის მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში 38,470 ადამიანი შტატგარეშედ არის გაფორმებული. ეს პირები იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურად შტატში არ ზიან, ანაზღაურებას მაინც იღებენ. ამ საჯარო უწყებებში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა 150,305-ია.

შედარებისთვის, საქართველოს შეიარაღებული ძალების ზომაც დაახლოებით 40 ათასია, ანუ გამოდის, რომ საქართველოს ბიუროკრატიულ აპარატში შტატგარეშეთა არმიაა. 

მთლიანად, საქართველოს საჯარო სამსახურში 283 ათასი ადამიანია დასაქმებული. ეს ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 7.6%-ია. ერთ მოსახლეზე გაანგარიშების შემთხვევაში ბიუროკრატიის ზომით საქართველო არაერთ ქვეყანას ასწრებს. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სტატისტიკის მიხედვით, 127-მილიონიან იაპონიაში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 3.9 მილიონს შეადგენს. იმის მიუხედავად რომ 3.9 მილიონი მთლიანად საქართველოს მოსახლეობას აღემატება, მისი ერთ მოსახლეზე გადაანგარიშების შემთხვევაში, გამოდის რომ იაპონიაში მოსახლეობის 3% არის საჯარო სექტორში დასაქმებული. 3.7-მილიონიან საქართველოში კი ეს რიცხვი 7.6%-ს შეადგენს. 

უცხოეთისგან განსხვავებით, საქართველოში არ არსებობს კანონი, რომელიც შტატგარეშე თანამშრომლების აყვანის ხანგრძლივობას გააკონტროლებდა. მაგალითად, საფრანგეთში თანამშრომელი შტატგარეშედ შეიძლება მუშაობდეს მაქსიმუმ 18 თვის განმავლობაში, შემდეგ ის ან შტატში უნდა ჩასვან, ან გაათავისუფლონ. ისრაელში ეს ლიმიტი 9 თვეს შეადგენს, ხოლო საფრანგეთში კი 3 წელს. საქართველოს შემთხვევაში ეს დრო განუსაზღვრელია.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საჯარო უწყებებს ეკრძალებათ ჰყავდეთ მათი საშტატო რიცხოვნობის 2%-ზე მეტი შტატგარეშე თანამშრომელი. თუმცა, კანონი აქვე აწესებს გამონაკლისს, რომ მთავრობასთან შეთანხმებით შესაძლებელია ამ ლიმიტის გადაჭარბება. IDFI-ს კვლევის მიხედვით, 2016 წლის მდგომარეობით მთავრობასთან შეთანხმებით ამ ლიმიტს 71-მა საჯარო ორგანიზაციამ გადააჭარბა.

IDFI-ს კვლევის მიხედვით, 2011 წელს განათლების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მხოლოდ 7 შტატგარეშე თანამშრომელი იყო, ხოლო 2016 წელს მათი რაოდენობა 209-ს შეადგენდა. ჯანდაცვის სამინისტროში კი 2011 წელს 25 შტატგარეშე დასაქმებული იყო, 2016 წელს კი მათმა რაოდენობამ 131-ს მიაღწია. თბილისის მერიაში 2011 წელს შტატგარეშე თანამშრომელი საერთოდ არ ჰყავდათ, 2016 წელს კი ანაზღაურებას 80 შტატგარეშე მუშაკი იღებდა. პრაქტიკულად გაორმაგებულია თბილისის მერიის ცენტრალური აპარატისა და საქალაქო სამსახურების ზომაც. 2011 წელს უწყებაში 637 ადამიანი მუშაობდა, 2016 წელს კი დასაქმებულთა რაოდენობა 1198 იყო. მერიის მსგავსად შტატგარეშე თანამშრომელი 2011 წელს არც თბილისის საკრებულოში არ ჰყავდათ, 2016 წელს კი მათი რაოდენობა 69-ს შეადგენდა. თავად საკრებულოს აპარატიც გაზრდილია, 2011 წელს ის 171-ს შეადგენდა, 2016 წელს კი შტატიანი თანამშრომლების ოდენობა 247 იყო.

მამუკა ბახტაძე მთავრობის შემადგენლობის სამი სამინისტროთი შემცირებასაც გეგმავს, შედეგად სამინისტროთა რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. ცვლილება სავარაუდოდ შეეხება კულტურის, დევნილთა და სასჯელაღსრულების სამინისტროებს.

ახალმა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ თქვა ისიც, რომ მისი ხედვით, “მცირე მთავრობა” პირველ რიგში ქვეყნის ეკონომიკაში მთავრობის ხარჯების შემცირებას ნიშნავს, თუმცა ამავე წინადადებაში ბახტაძემ აღნიშნა, რომ სამინისტროთა შეკვეცით მიღებული ეკონომია, ანუ 100-120 მილიონი ლარი სოციალურ პროგრამებზე მიემართება.

თუ სახელმწიფო მაინც დახარჯავს იმ თანხას, რასაც სამინისტროთა შეკვეცით მიიღებს, გამოვა რომ მთავრობის მთლიანი ხარჯები უცვლელი დარჩება. 2018 წლის მდგომარეობით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯები ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 29.9%-ია.

2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მთლიანობაში საჯარო მოსამსახურეთა ანაზღაურებაზე 1.4 მილიარდი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი, თუმცა სინამდვილეში ეს რიცხვი უფრო დიდია, რადგანაც ცენტრალურ ბიუჯეტში არაა განსაზღვრული სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების უმეტესობის შრომის ანაზღაურების მოცულობები.

მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილი პროგრამის მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით საჯარო მოხელეთა ხელფასები 3.9%-ზე მაღალი არ უნდა იყოს. საინტერესოა რომ დიმიტრი ქუმსიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილის მიერ მიღებული 2018 წლის ბიუჯეტი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით მთავრობის ხელფასების კიდევ უფრო დაბალ ნიშნულზე - 3.3%-ზე დაწევას ითვალისწინებდა. 

კომენტარები