ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

სააკაშვილის ინიციატივით ხალხმა ქვეყანა სმარტფონებითა და ID ბარათებით უნდა მართოს

UNIAN

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ქვეყანაში პირდაპირი სახალხო დემოკრატია უნდა დამყარდეს, რომელიც ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით იფუნქციონირებს. სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც წარმომადგენლობითი დემოკრატიის შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა.

"თითქმის ყველა ვართ რეგისტრირებული სოციალურ ქსელებში. ქართულ ფეისბუქზე არის თითქმის 1 200 000 ადამიანი. უფრო მეტიც, ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ფეისბუქზე საერთოდ არ შეიდის, არის ათასგვარი ახალი საშუალობა ერთმანეთთან ურთიერთობის ფეისბუქის გარეშე. ტელევიზია ძველდება უიმედოდ და ყველაფერი იცვლება მსოფლიოში და თუ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთთან ურთიერთობა ამ სივრცეში, რატომ არ შეგვიძლია ჩვენ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება იმავე სივრცეში. ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, როცა ადამიანმა თუ დაუშვა შეცდომა და ვიღაცამ მოატყუა ის, მაგალითად, პარლამენტარმა, ან პრემიერმა ან ოლიგარქმა, ან სააკაშვილმა და ნებისმიერმა, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ეს შეცდომა გამოასწოროს იმავე წუთს", - აცხადებს სააკაშვილი.

სააკაშვილი გვთავაზობს შემოვიღოთ ისეთი სისტემა, რომელიც, მისი აზრით, 18 წელს მიღწეულ ნებისმიერ მოქალაქეს ქვეყნის მართვის პირდაპირ შესაძლებლობას მისცემს.

"ჯერ ერთი შეეძლება ნებისმიერი კანონი გამოიხმოს პარლამენტიდან და თვითონ მიიღოს ამ კანონზე გადაწყვეტილება - არა ბესელიამ, არა კობახიძემ, არა გოცირიძემ, არა მელიამ, არა ბოკერიამ - არამედ ნებისმიერმა საქართველოს მოქალაქემ გამოიხმოს კანონპროექტი პარლამენტიდან, მაგალითად, რომელიც მას ეხება... და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. მეორე, ნებისმიერ არსებულ კანონში შეიტანოს ცვლილება, თუ შეაგროვებს 50 000 ხელმოწერას, დაიწყოს განხილვა და შემდეგ უკვე ხმათა უმრავლესობით შეიტანოს ცვლილება და მესამე, ნებისმიერი თანამდებობის პირი მოხსნას და ნებისმიერი ორგანო დაითხოვოს, რიგგარეშედ, თუ შეგროვდება საკმარისი რაოდენობით ხმები", - ამბობს სააკაშვილი.

მათთვის ვისაც სმარტფონი და კომპიუტერი არ აქვს, ექსპრეზიდენტი შემდეგ გამოსავალს გვთავაზობს:

"ადამიანმა შეიძლება თქვას, რომ თუ ფეისბუქზე არ ვარ, თუ არ ვიცი სმართფონით და კომპიუტერით სარგებლობა, როგორ უნდა მივიღო ეს გადაწყვეტილება? ძალიან მარტივია. ID ბარათი ხომ ყველას გვაქვს? ვთქვათ იქ არის მოხუცი პენსიონერი, რომელმაც არ იცის არაფრით სარგებლობა და არც აქვს. ჩვეულებრივად მიდის ტერმინალში, სადაც იღებს პენსიას, ან ფოსტაში სადაც თანამშრომელი დაეხმარება, ან იუსტიციის სახლში თავის ID ბარათს იღებს და იძახის: შვილო, მე მინდა რომ ჩემი პენსია გაიზარდოს ამდენ და ამდენ ლარამდე...", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნულ ცვლილებები კონსტიტუციაში მოქმედი ხელისუფლების გადარჩევისთანავე შევა.

"ეს არის პირდაპირი სახალხო დემოკრატია, ხალხის მიერ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თვითონ მიღება. თქვენ თვითონ გადაწყვეტთ ვინ უნდა იყოს გენერალური პროკურორი, ვინ უნდა იყოს იუსტიციის მინისტრი, უნდა იყოს თუ არა ესა თუ ის მინისტრი, ვის რა ხელფასი უნდა ჰქონდეს, ქალაქში რომ არ უნდა შენდებოდეს ბაღებში მრავალსართულიანი შენობები, თქვენი გადასაწყვეტია ეს ჩემო მეგობრებო… ყველა ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ პირდაპირი სახალხო კენჭისყრის გზით, რომელსაც ჩვენ შემოვიღებთ როგორცვე მოვალთ ხელისუფლებაში. ოღონდ, ხელისუფლება გადმოვა არა ამათგან ჩვენზე, ჩვენ გვინდა და მე მინდა რომ ეს ხელისუფლება გამოვართვათ ივანიშვილს და მოგცეთ თქვენ. და, როგორ? იმ მექანიზმების შექმნით, როგორც მოგიყევით. საქართველო იქნება ამ ყველაფრის ნოვატორი, პირდაპირი სახალხო დემოკრატია ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით", - ამბობს სააკაშვილი.

კომენტარები