თურქეთი

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

Getty Images

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, მისცემს თუ არა რეჯეფ თაიფ ერდოღანს მორიგ ხუთწლიან ვადას.

საპრეზიდენტო არჩევნებში სულ ექვსი კანდიდატი მონაწილეობს. ერდოღანის მთავარი კონკურენტი მუჰარემ ინჯეა სახალხო რესპუბლიკური პარტიიდან.

ორივე ძირითადმა კანდიდატმა არჩევნების წინა დღეს მხარდამჭერების დიდი მიტინგი ჩაატარა.

იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს ხმათა 50%-ზე მეტს, არჩევნების მეორე ტური 7 ივლისს გაიმართება. გამოკითხვების მიხედვით, მეორე ტურის ალბათობა მაღალია.

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა აპრილში ერდოღანმა თარიღი გადმოწია. იმ დროისთვის ჩანდა, რომ ის მარტივ გამარჯვებას მოიპოვებდა, თუმცა წინასაარჩევნოდ აღმოჩნდა, რომ ერდოღანს საკმაოდ ძლიერ კონკურენტთან მოუწევს გამკლავება.

გასული წლის რეფერენდუმის შემდეგ, რომლის შედეგად ქვეყანა საპარლამენტოდან საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდა, ახლად არჩეულ პრეზიდენტს ბევრად დიდი ძალაუფლება ექნება.

კომენტარები