გარემოს დაცვა

წითელი ნუსხით დაცული სახეობების ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება 2 000 ლარით დაჯარიმდება

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წითელი ნუსხით დაცული სახეობების ყიდვა-გაყიდვა და მათი დატყვევება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ახორციელებს კონტროლს გარეული ცხოველების/ფრინველების უკანონო ყიდვა-გაყიდვისა და მათი
დატყვევების ფაქტების გამოვლენის მიზნით.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შემდგომ, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა (ფრინველთა) მოსპობა ან მათი კვერცხის ნადების, კვერცხის, ბუნაგის და სხვა ნაგებობების განადგურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან საბინადრო გარემოს დარღვევა, ან/და კანონით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში ცხოველთა მოპოვება მათი მოპოვებისათვის დადგენილი შეზღუდვების ან/და პირობების დარღვევით, მათი სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით. რაც შეეხება, იმ სახეობებს, რომლებიც არ არის შეტანილი საქართველოს „წითელ ნუსხაში“ - მათი უკანონოდ დატყვევება, უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტით, მისი დერივატით ან მისგან გამომუშავებული პროდუქციით ვაჭრობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის, მისი დერივატის ან მისგან გამომუშავებული პროდუქციის კონფისკაციით." - წერია სამინისტროს განცხადებაში.

 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოქმედებს ცხელი ხაზი - 153, მოქალაქეებს შეუძლიათ გააკეთონ შეტყობინება ამ და სხვა ტიპის გარემოსდაცვითი დანაშაულის შესახებ და მიიღონ ინფორმაცია, მათთვის მნიშვნელოვან გარემოსდაცვით საკითხებზე. 

კომენტარები