ხორავას ქუჩის საქმე

პროკურორი: კამერები დაუყოვნებლივ არ ამოგვიღია, ჯერ ხომ არ ვიცოდით, ჩანაწერებში რა იყო

ხორავას ქუჩის საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის თქმით, პირველ დღეებში არ ამოუღიათ ქუჩის კამერების ჩანაწერები, რადგან "ჩვენთვის ხომ იყო გაურკვეველი, რა იყო იმ კამერაზე გამოსახული". პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დეპუტატმა ოთო კახიძემ პროკურორს ჰკითხა - ხომ არ გაუცია სათვალთვალო კამერების ჩანაწერების დაუყოვნებლივ ამოღების მითითება.

"მაშინ, როდესაც ჭირდა მტკიცებულებების მოპოვება, მოწმეები არ თანამშრომლობდნენ გამოძიებას, შეიძლება, საკვანძო მნიშვნელობა ჰქონოდა კამერების ჩანაწერებს. თქვენ ხომ არ გაგიციათ მითითება, რომ გაუყოვნებლივ ამოეღოთ ხორავას და მიმდებარე ქუჩების კამერის ჩანაწერები?" - მიმართა კახიძემ ზვიად ფხაკაძეს.

საქმის პროკურორის თქმით, ჩანაწერების ამიღებას თავისი პროცეურები ჰქონდა.

"უნდა დადგენილიყო კამერების მდებარეობა, მისი გამართულობა, ვატარებდით იმ პროცედურებს, რაც საჭირო იყო, რომ სასამართლოსთვის მიგვემართა და მოგვეპოვებინა განჩინება.

მოგეხსენებათ, რომ კამერების მოპოვება სამართლებრივად არის პროცესუალურად გაწელვადი პროცედურა. საქმეზე მიმდინარეობდა ოპერატიული ღონისძიებები, მართალია, ეს პიროვნებები არ ასახელებდნენ ოფიციალურ ჩვენებებში კონკრეტულ პირებს, თუ ვინ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, მაგრამ ოპერატიული გზით დადგენილი იყო იმ პირთა წრე, ვინც მაგ კამერებშია გამოსახული, რაზეც თქვენ საუბრობთ, მათთან მოხდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, თუ დაკვირდებით საქმის მასალებს, ვინც კამერებზე არიან, კამერების გამოთხოვნამდე დაკითხულები არიან. მაგრამ საკითხი რაში დგას - ვინც კამერაზე ფიქსირდებიან, დაკითხულები არიან, იდენტიფიცირებულები არიან, მაგრამ დაკითხვის დროს არ იძლევიან ინფორმაციას, რა ინფორმაციაც ნახეს" - თქვა ფხაკაძემ.

ევროპული საქართველოს დეპუტატმა ოთო კახიძემ პროკურორს დამატებით ჰკითხა - "თქვენ იმავე დღეს, პირველ დეკემბერს არ ჩათვალეთ მიზანშეწონილად, კამერების დაუყოვნებლივ ამოღება?", რაზეც ზვიად ფხაკაძემ უპასუხა - "1 დეკემბერს არ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად, ჯერ ჩვენთვის ხომ იყო გაურკვეველი, რა იყო იმ კამერაზე გამოსახული, რა უნდა ყოფილიყო... შესაბამისად, ჩვენ მოვიპოვეთ ეს მტკიცებულებები, მაგრამ დადგენილი იყო ისედაც მოქმედ პირთა წრე, ვინც მონაწილეობდა... წინასწარ კამერაზე რა არის გამოსახული, ხომ არ ვიცით".

ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დღეს, 10:00-ზე განახლდა. კომისიის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს კახა სირაძეს და საქმის პროკურორს ზვიად ფხაკაძეს უსმენენ.

ხვალ, 26 ივნისს კი, დღის პირველ ნახევარში კომისიის წევრები არასრულწლოვანთა დაკითხვის მეთოდოლოგიას გაეცნობიან, რის შემდეგაც, დრო კვლავ გამოსაკითხ პირებთან შეხვედრას დაეთმობა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის 22 ივნისის სხდომაზე უკვე გამოკითხეს დაღუპული მოზარდების ოჯახის წევრები - დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და ლევან დადუნაშვილის დედა ნათია საყვარელიძე. ასევე, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ გამოსაკითხ პირებთან შეხვედრისთვის კომისიის წევრებისგან ორი ჯგუფი დაკომპლექტდა. ისინი დროებით პატიმრობაში მყოფ პირებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გამოკითხავენ.

კომენტარები