ჩრდილოეთ კორეა ყოველწლიურ ანტიამერიკულ აქციას აღარ ჩაატარებს

www.apnews.com

ჩრდილოეთ კორეა ყოველწლიურ ანტიამერიკულ აქციას აღარ ჩაატარებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

ფხენიანში ამერიკული იმპერიალიზმის წინააღმდეგ აქცია ყოველ წელს კორეის ომის დაწყების წლისთავზე იმართებოდა. გასულ წელს დემონსტრაცია ფხენიანში კიმ ირ სენის სახელობის მოედანზე ჩატარდა და მასში 100 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მაშინ ჩრდილოეთ კორეამ ანტიამერიკული საფოსტო მარკების სერიაც კი გამოსცა.

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, არ ჩაატაროს წელს ანტიამერიკული მიტინგი, ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის ურთიერთობების დათბობას უკავშირებენ.

შეგახსენებთ, რომ სინგაპურში გამართული აშშ-ჩრდილოეთ კორეის სამიტის შემდეგ, კიმ ჩენ ინმა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების პირობა დადო.

თავის მხრივ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები დასრულებულად გამოაცხადა, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით, ჩრდილოეთ კორეას სანქციებს არ მოუხსნან, სანამ ქვეყანა სრული დენუკრეარიზაციისაკენ აშკარა ნაბიჯებს არ გადადგამს.

კომენტარები