სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

გამომძიებელი: მოწმის ცოლი ხომ დაიკითხა? ის გარემოებები ასახა, რასაც დაინახავდა მისი ქმარიც

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვერ პასუხობს დეპუტატების კითხვას, რატომ არ გამოიკითხა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ყველა თვითმხილველი.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო კომისიის წევრი, ირაკლი აბესაძე დაინტერესდა, გამოიკითხა თუ არა ყველა მეზობელი, ვინც დაპირისპირება ბინის ფანჯრიდან თუ აივნიდან დაინახა.

გამომძიებელი კახა სირაძე ამბობს, რომ დაკითხულია ყველა ძირითადი მოწმე.

"თქვენ მიიჩნევთ, რომ მთელი ხორავას ქუჩა უნდა დაკითხულიყო, მაშინ 51-ე სკოლის 3500 მოსწავლეც უნდა დაკითხულიყო", - უთხრა მან ირაკლი აბესაძეს კითხვის საპასუხოდ.

მისივე განცხადებით, თუ რომელიმე თვითმხილველს გამოძიებისთვის ღირებული ინფორმაცია ექნებოდა, საგამოძიებო უწყების თანამშრომელი ამას წარმოადგენდა.

"მუშაობდა საგამოძიებო ჯგუფი, ოპერატიული სამსახური, როგორც დანაშაულის ჩამდენი, ასევე იმ პირების დასადგენად, რომლებსაც რაიმე ღირებული მტკიცებულებითი... თუ რომელიმეს რაიმე ღირებული მტკიცებულებითი ინფორმაცია გააჩნდა, თუკი ასეთი იქნებოდა, კონკრეტული თანამშრომელი ამას წარმოადგენდა, ან პატაკის სახეს მისცემდა, ან სიტყვიერად განაცხადებდა ოპერატიულ თათბირზე", - აცხადებს სირაძე.

ირაკლი აბესაძემ მას ასევე ჰკითხა, გამოკითხა თუ არა გამოძიებამ ის პირები, ვინც საჯაროდ, მედიაში აცხადებდა, რომ იყო მომხდარის თვითმხილველი.

"არ დარჩებოდა უყურადღებოდ არც ერთი ფაქტი, მაგრამ აქ ლაპარაკი იყო მტკიცებულებების შეგროვებაზე, ხო? საქმე გამოიყო ძირითადი საქმისგან, ეს ხელს არ უშლის, თუ რაიმე არსებობს დამატებითი მტკიცებულება, რომ მოიპოვოს კიდევ გამოძიებამ", - ამბობს სირაძე.

გარდა ამისა, კომისიის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ დაიკითხა ერთ-ერთი თვითმხილველის, ნიკა ვაჩეიშვილის ცოლი და თავად ვაჩეიშვილი არა. ირაკლი აბესაძის კითხვაზე, რატომ არ გამოიკითხა ვაჩეიშვილი, რომელიც ასევე თვითმხილველია, კახა სირაძე პასუხობს:

"დაკითხულია მეუღლე ხომ? და ის გარემოებები ასახა, რასაც დაინახავდა თავისი მეუღლე. იქ შეიძლება სხვა ხალხიც ყოფილიყო, მაგრამ მე ვამბობ ელემენტარულად, რას შეცვლიდა პატივცემულო ისეთს, ან თუ დაიკითხებოდა, ან იმავე დღეს არ დაიკითხებოდა და რამდენიმე დღის შემდეგ დაიკითხებოდა, რას მისცემდა ელემენტარულად ისეთ რაღაცას გარემოებებს, რაც ძიების მიმდინარეობისთვის ცნობილი არ გახდებოდა", - აცხადებს შსს-ს წარმომადგენელი.

გარდა ამისა, ირაკლი აბესაძემ შსს-ს წარმომადგენელსა და საქმის პროკურორს ჰკითხა, შემთხვევის დღესვე რატომ არ დაიკითხა ოთხ თვითმხილველზე მეტი, როცა ამ ოთხმა ადამიანმა გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია სხვა მოწმეების შესახებაც. საქმის პროკურორი, ზვიად ფხაკაძე აცხადებს, რომ ხდებოდა თვითმხილველების მიერ მოსაწოდებელი ინფორმაციის ფილტრაცია და ვერც ერთი ის პირი, ვინც გვიან დაიკითხა, კონკრეტულ ინფორმაციას ვერ იძლეოდა.

"ხდება განსაზღვრა, თუ რა ინფორმაციის მატარებლები არიან მოწმეები. ოპერატიული ღონისძიებები გატარებულ იქნა და შესაბამისად, კონკრეტულად ეს პიროვნებები ფაქტობრივი გარემოებების შესახებ იძლეოდნენ ზოგად ინფორმაციას. ძალიან ბევრი ადამიანი იყო მოყვანილი მოწმის სახით დასაკითხად, ასობით კაცი და ხდებოდა მათ მიერ მოსაწოდებელი ინფორმაციის ფილტრაცია. ამ პიროვნებების დაკითხვას თუ გადავხედავთ, არც ერთი კონკრეტული პირი არ ამბობს ვინ დაარტყა დანა, მაგრამ მათი დაკითხვა მაინც განხორციელდა", - თქვა ზვიად ფხაკაძემ.

ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დღეს, 10:00-ზე განახლდა. კომისიის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს კახა სირაძეს და საქმის პროკურორს ზვიად ფხაკაძეს უსმენენ.

ხვალ, 26 ივნისს კი, დღის პირველ ნახევარში კომისიის წევრები არასრულწლოვანთა დაკითხვის მეთოდოლოგიას გაეცნობიან, რის შემდეგაც, დრო კვლავ გამოსაკითხ პირებთან შეხვედრას დაეთმობა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის 22 ივნისის სხდომაზე უკვე გამოკითხეს დაღუპული მოზარდების ოჯახის წევრები - დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და ლევან დადუნაშვილის დედა ნათია საყვარელიძე. ასევე, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ გამოსაკითხ პირებთან შეხვედრისთვის კომისიის წევრებისგან ორი ჯგუფი დაკომპლექტდა. ისინი დროებით პატიმრობაში მყოფ პირებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გამოკითხავენ.

კომენტარები