მექსიკა

მექსიკის ქალაქში მერობის კანდიდატის მკვლელობის ბრალდებით ყველა პოლიციელი დააკავეს

AFP

მექსიკაში, მიჩოაკანის შტატის ქალაქ ოკამპოში მერობის კანდიდატის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით პოლიციის ყველა თანამშრომელი დააკავეს.

64 წლის ფერნანდო ანხელეს ხუარეზი საკუთარ მამულში მოკლეს. თავდაპირველად ის არჩევნებში როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა შემდგომ მამარცხენე-ცენტრისტულ პარტია დემოკრატიულ რევოლუციას შეუერთდა. ეს მიჩოაკანის შტატში ბოლო ერთი კვირის მანძილზე პოლიტიკოსის მკვლელობის მესამე შემთხვევაა.

პროკურორმა მკვლელობაში მონაწილეობაში ოკამპოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მდივანი, ოსკარ გონზალეზ გარსია დაადანაშაულა, თუმცა ქალაქში ჩასულ ფედერალურ აგენტებს გარსიას დაკავებაში ხელი ადგილობრივმა პოლიციამ შეუშალა. შედეგად ფედერალური ძალების წარმომადგენლებმა გარსიასთან ერთად პოლიციის ოცდაშვიდივე თანამშრომელი დააკავეს.

მექსიკაში არჩევნები 1 ივლისსაა დანიშნული. მექსიკელები ახალ პრეზიდენტს, სენატორებს, დეპუტატთა პალატის წევრებს და რეგიონულ მმართველებს აირჩევენ.

კომენტარები