დროებითი საგამოძიებო კომისია

შსს-ს წარმომადგენელი: ექსპერტი სისხლის ყველა წვეთზე დასკვნას ვერ დადებდა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მომუშავე დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა დღეს შსს-ს წარმომადგენელს კონკრეტული კითხვები დაუსვეს თუ რატომ არ იყო აღებული შემთხვევის ადგილიდან კონკრეტულს მონაკვეთებზე არსებული სისხლის კვალი, რაზეც შსს-ს წარმომადგენელმა კახა სირაძემ უპასუხა, რომ მისი ინფორმაციით ყველა საჭირო ნიმუში აღებულია და ექსპერტი შემთხვევის ადგილზე არსებული სისხლის ყველა წვეთზე დასკვნას ვერ დადებდა. კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით სირაძეს ევროპული საქართველოს წევრმა ოთარ კახიძემ დაუსვა.

კახიძე: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან როგორც ჩანს, კონკრეტული ადგილებიდან არ არის აღებული სისხლის კვალი, ასევე არ არის აღებული ნიმუშები, როგორც პროკურორმა აღნიშნა ეს არის დავით სარალიძის სისხლი. რა შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით თქვათ?

სირაძე: შემთხვევის ადგილი დაცული იყო და მას ათვალიერებდა გამომძიებელი ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად, როგორც ჩემთვის ცნობილია ყველა საჭირო ნივთი, დეტალი და კვალი ამოღებული იქნა.

კახიძე: მესმის რომ შეიძლება გამომძიებელს გამორჩეს რომელიმე ადგილიდან კვალის აღება, მაგრამ პროკურორმა დემონსტრირება გააკეთა რომ აქ არის სისხლი, რომელიც არის მნიშვნელოვანი გამოძიებისთვის და ოქმში ჩანს რომ ეს ნიმუშები არ არის აღებული, თქვენ როდესაც ფოტოებს ნახულობთ დამატებით აძლევთ მითითებას გამომძიებელს, რომ საიდანაც არ აიღო, ან გამორჩა ნიმუშები აიღოს?

სირაძე: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე უშუალოდ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით არ ჩავრეულვარ და უფლება არ მქონდა. რატომ თვლით რომ საჭირო იყო და არ არის აღებული? ყველა წვეთზე ექსპერტი დასკვნას ვერ დადებდა.

კახიძე: წვეთზე არ არის საუბარი, აქ არის ლაქები, რომელზედაც პროკურორმაც ხაზი გაუსვა რომ მნიშვნელოვანია გამოძიებისთვის და არც ობიექტი არ არის დანომრილი და არც ლაქების ნიმუში არის აღებული ოქმის მიხედვით.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შემქნილი კომისიის წევრები დღევანდელ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს კახა სირაძეს და საქმის პროკურორს ზვიად ფხაკაძეს უსმენენ. 

ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დღეს, 10:00-ზე განახლდა. კომისიის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს კახა სირაძეს და საქმის პროკურორს ზვიად ფხაკაძეს უსმენენ.

ხვალ, 26 ივნისს კი, დღის პირველ ნახევარში კომისიის წევრები არასრულწლოვანთა დაკითხვის მეთოდოლოგიას გაეცნობიან, რის შემდეგაც, დრო კვლავ გამოსაკითხ პირებთან შეხვედრას დაეთმობა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის 22 ივნისის სხდომაზე უკვე გამოკითხეს დაღუპული მოზარდების ოჯახის წევრები - დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და ლევან დადუნაშვილის დედა ნათია საყვარელიძე. ასევე, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ გამოსაკითხ პირებთან შეხვედრისთვის კომისიის წევრებისგან ორი ჯგუფი დაკომპლექტდა. ისინი დროებით პატიმრობაში მყოფ პირებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გამოკითხავენ.

კომენტარები