ხორავას ქუჩის საქმე

გამომძიებელი: ადგილი, სადაც მოზარდებმა თავი მოიწესრიგეს, ოფიციალურად არ დაგვითვალიერებია

ადგილი, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში მონაწილე არასრულწლოვნებმა თავი მოიწესრიგეს, სამართალდამცველებს ოფიციალურად არ დაუთვალიერებიათ. ეს ინფორმაცია საქმის გამომძიებელმა კახაბერ სირაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაადასტურა. მას კითხვები ევროპული საქართველოს დეპუტატმა ოთო კახიძემ დაუსვა.

ოთარ კახიძე: ეს ადგილი გეცნობათ ალბათ, ხორავას 26. რა ადგილია, რა მოხდა?

გამომძიებელი: პეტრიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ხომ? შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 400 მეტრშია, სადაც ექვსი პიროვნება (პირველი ექსპერიმენტალური სკოლის არასრულწლოვნები) მივიდა და თავი მოიწესრიგეს.

ოთარ კახიძე: რას გულისხმობთ? რა ქნეს?

გამომძიებელი: ზოგი სისხლიანი იყო და მოიწესრიგეს რა თავი... ეხლა არ უბანავია... 

ოთარ კახიძე: ანუ სისხლიანი დანა, სისხლიანი ტანსაცმელი, სისხლიანი თავი... ეს ყველაფერი იქ ონკანთან გარეცხეს?

გამომძიებელი: თავის დაბანა და დუშის მიღება არ ყოფილა. მოწესრიგდნენ, რა საშუალებასაც აძლევდათ... და გაიწმინდეს...

ოთარ კახიძე: გაუშვით თუ არა გამომძიებლები, დაათვალიერეთ თუ არა ე.წ დამატებითი შემთხვევის ადგილი, სადაც შეიძლებოდა ყოფილიყო სისხლის კვლები, სადაც შეიძლება დამალული ყოფილიყო მკვლელობის იარაღი, ან სხვა ღონისძიებები გატარებულიყო. ადგილი დაათვალიერებინეთ თუ არა?

გამომძიებელი: ჯგუფი იყო გასული, მოხდა მათ მიერ დათვალიერება, მაგრამ იქ არაფერი არ იყო, ხომ გეუბნებით, იქ არც ბანაობა მომხდარა, არც არაფერი არ ყოფილა ისეთი...

ოთარ კახიძე: გ.ბ-მ ჩვენების მიხედვით, გარეცხა თუ არა თავისი სისხლიანი დანა იმ ონკანზე.

გამომძიებელი: ჩვენებაში არის ასეთი მონაკვეთი, რომ გადარეცხა, კი, მაგრამ ვერ დავაზუსტებ, რა დონეზე გარეცხა...

ოთარ კახიძე: ეგ, რა თქმა უნდა, კეთილი, ანუ ჯგუფი იყო გასული და დათვალიერების ოქმი არ შედგა?

გამომძიებელი: არა, ნახეს რაც საჭირო იყო, ე.ი თუ საჭირო იქნებოდა, მოხდებოდა დათვალიერება და ეს... ყოველ შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტები ჩატარდა და მიიყვანეს შესაბამისი მოწმეები, მიუთითეს ადგილი და ყველაფერი... იქაც რაღაცა რომ ყოფილიყო, კვალი რაღაცა, მიიღებდნენ გადაწყვეტილებას გამომძიებლები.

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა ერთსაათიანი შესვენების შემდეგ განახლდა. ხორავას ქუჩის საქმის პროკურორს და გამომძიებელს ახლა უმრავლესობის დეპუტატები უსვამენ კითხვებს.

კომენტარები