UNICEF-ის კვლევა ბაღებზე

UNICEF: ბაღებში თითო ჯგუფში ბავშვების რაოდენობა 60-ს აღწევს, რაც აუარესებს ხარისხს

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) საქართველოში სკოლამდელი განათლების ხარისხის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. როგორც კვლევაშია აღნიშნული, თითო ჯგუფში ბავშვების რაოდენობა ხშირ შემთხვევაში 60-მდე აღწევს, რაც მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ახდენს საგანმანათლებლო პროცესის ხარისხზე. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები ბაღებში მნიშვნელოვან გამოწვევებს აწყდებიან.

"საქართველოში ადრეული ასაკის ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში ჩართულობის მაჩვენებელი (69,5%) ევროპულ სამიზნე ნიშნულზე (4-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა 95%) დაბალია. ჩარიცხვის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად დაბალია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ბავშვებში (33%), სოციალურად დაუცველ ბავშვებში (39,7%) და სოფლად (46,8%). განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების სკოლამდელ დაწესებულებებში ჩარიცხვის შემთხვევაში, საბავშვო ბაღში სრული ინკლუზიისა და მონაწილეობის თვალსაზრისით, ისინი მნიშვნელოვან გამოწვევებს აწყდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ჩარიცხვის მაჩვენებლები მაღალია, დიდია ბავშვების რაოდენობაც თითო ჯგუფში (მაგალითად, თბილისში თითო ჯგუფზე საშუალოდ 39 ბავშვი მოდის, ზოგიერთ ჯგუფში კი 60-მდე ბავშვია). ჯგუფში ბავშვების სიმრავლე მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ახდენს საგანმანათლებლო პროცესის ხარისხზე. ამდენად, ხარისხისა და პერსონალისთვის სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად, ქალაქად, თითოეულ ჯგუფში ბავშვების რაოდენობის შესამცირებლად, მეტი ჯგუფისა და აღმზრდელის საჭიროება იკვეთება." - წერია კვლევაში.

კვლევა ერთობლივად ჩაატარეს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (NAEC), საერთაშორისო კონსულტანტის ხელმძღვანელობით. მეთოდოლოგია მოიცავდა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დარგის ანალიზს პოლიტიკის დონეზე (ეროვნული სტანდარტების გან­­ხილვა, ინტერვიუები პოლიტიკის შემქმნელებთან და ფოკუს ჯგუფები ძირითად მონაწი­ლე მხარეებთან), ყველა მუნიციპალიტეტის (64) რაოდენობრივი გამოკითხვა და 22 ფოკუს ჯგუფი სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში (სულ 124 მონაწილე, მათ შორის, სკოლამდელი დაწესებულებების მენეჯერები, აღმზრდელები, სპეციალური პედაგოგები, ფსიქოლოგები, მეთოდისტები, მშობლები, ლექტორები).

 

კომენტარები