Unicef-ის კვლევა: ბაღების აღმზრდელთა 44% არაკვალიფიციურია

ტაბულა

გაეროს ბავშვთა ფონდის სკოლამდელი განათლების ხარისხის შესახებ კვლევის მიხედვით, სკოლამდელი დაწესებულების პერსონალის დიდ ნაწილს არ აქვს კვალიფიკაცია, ან ისეთი კვალიფიკაცია აქვს, რომელიც რომელიც ბავშვთა ადრეულ აღზრდასა და განათლებას არ უკავშირდება.

Unicef-ის კვლევა საქართველოში სკოლამდელი განათლების ხარისხის შესახებ დღეს გამოქვეყნდა.

დოკუმენტის მიხედვით, 57 მუნიციპალიტეტიდან მოპოვებული მონაცემების თანახმად, აღმზრდელთა 44% არაკვალიფიციურია. ამასთან, დირექტორთა 50% არ ფლობს ბავშვთა ადრეულ აღზრდასა და განათლებასთან დაკავშირებულ განათლებას.

კვლევამ აჩვენა, რომ 13 მუნიციპალიტეტს არ ჰყავს ბავშვთა ადრეულ აღზრდასა და განათლებაში ბაკალავრის ხარისხის მქონე არცერთი აღმზრდელი. მრავალი მუნიციპალიტეტისთვის პრობლემაა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალიზებული დამხმარე პერსონალის (სპეც. პედაგოგები, ფსიქოლოგები და სხვ.) ნაკლებობაც.

ასევე, გაეროს ბავშვთა ფონდი აღნიშნავს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა აღიარებს მაღალი ხარისხის პირველადი განათლების მნიშვნელობას, თუმცა, მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს გავლილი უნივერსიტეტში სპეციალიზებული მომზადება ბავშვთა ადრეული აღზრდისა და განათლების საკითხებზე, თანაც დაახლოებით 20 ან 25 წლის წინ. კვლევაში ნათქვამია, რომ აღმზრდელების განათლება ძირითადად თეორიული კურსებით შემოიფარგლებოდა და პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას არ მოიაზრებდა. თუმცა, როგორც კვლევა გვიჩვენებს, კავშირი თეორიასა და პრაქტიკას შორის, ადრეული ასაკის ბავშვებთან მუშაობისთვის აუცილებელი კომპეტენციების შესაძენად არსებითია.

"ამჟამად უკვე არის პროფესიული განათლების პროგრამები, რომლებიც აქცენტს უფრო მეტად პრაქტიკულ უნარებზე აკეთებენ და გამოკითხულთა ინფორმაციით, არსებობს ბავშვთა ადრეული აღზრდისა და განათლების დარგში სპეციალიზებული საბაკალავრო განათლების მწვავე საჭიროება. საუნივერსიტეტო დონეზე, ადრეული აღზრდა და განათლება მხოლოდ მეორადი პროგრამაა (მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში), რომელიც კურსდამთავრებულს კვალიფიკაციას არ ანიჭებს, რაც, ბუნებრივია, სკოლამდელი განათლების დარგში სამუშაოდ პედაგოგების მოსამზადებლად, საკმარისი არ არის", - აღნიშნავს Unicef-ი

კომენტარები