მკვლელობა ხორავას ქუჩაზე

კახიძე ხორავას ქუჩის საქმეზე: კატასტროფული ვითარებაა

0 კომენტარი
ფოტო: parliament.ge

ეს არის ისეთი კატასტროფული ვითარება გამოძიების პირველივე დღეს, რომ არ ვიცი რას შეიძლება დაბრალდეს- არაპროფესიონალიზმს, თუ განზრახ, გამიზნულ ქმედებას- ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კახიძემ რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც დღევანდელ სხდომაზე გამოიკვეთა, სადაც კომისიის წევრები შინაგან საქმეთა სამინიტროს წარმომადგენელ კახა სირაძისა და საქმის პროკურორ ზვიად ფხაკაძის ახსნა-განმარტებებს ისმენენ.

მისი თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში შს მინისტრის გიორგი გახარიას და ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის პასუხისმგებლობის საკითხიც იკვეთება.

კახიძემ აღნიშნა, რომ გამოძიებასთან ბევრი, მწვავე კითხვა არსებობს. მაგალითად, „თუ რატო არ არის გამოკვეთილი მიხეილ კალანდიას ბრალეულობა“.

„კალანდიას ჩვენებებით, იმ დროს როდესაც დავით სარალიძეს აყენებდნენ სასიკვდილო ჭრილობებს და მას ურტყამდა ორი ადამიანი, არაერთი როგორც მინიმუმ, ამ დროს მიხეილ კალანდიას ერთი ხელით უჭირავს დავით სარალიძე, ხოლო მეორე ხელით ურტყამს. თან იცის, აცნობიერებს და ხედავს რომ მას დანებს ურტყამენ. ეს არის თანამონაწილეობა მკვლელობაში და პროკურორის შეფასება როდესაც ამაზე მოვისმინე, ვეღარ მივხვდი პროკურორს ვესაუბრებოდი თუ მიხეილ კალანდიას ადვოკატს“,- განაცხადა ოთო კახიძემ.

კახიძე გამოძიების ხარვეზებზე საუბრობს და აცხადებს რომ საქმეში მესამე არასრულწლოვანი, გ.მ.-ც ფიგურირებს, რომელსაც, ფარდულში დანა დაარტყეს და მის საქმეზე გამოძიება წარმოებული არ არის.

მისივე მტკიცებით, საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის გამოჩენის შემდეგ საკვანძო მოწმეების დაკითხვა შეწყდა.

„მესამე საკითხი, ეს გახლავთ თვითმხილველების დაკითხვები. როგორც მოგეხსენებათ საქმეში ყველაზე საკვანძო არის იმ ობიექტური, მიუკერძოებელი ადამიანების დაკითხვები ვინც უშუალოდ ხედავდნენ ამ კონფლიქტს და არ არიან მასში მონაწილეები. არ არიან მხარეები. ვგულისხმობ მეზობლებს, ვგულისხმობ ადამიანებს ვინ იქ მუშაობდნენ. გამოძიება საკმაოდ ინტენსიურად შეუდგა ამ პროცესს. სამი თვითმხილველი იქნა დაკითხული, ოღონდ ეს დაკითხვები სრულდება 8ის ნახევარზე და როგორც კი საქმეში ჩნდება მირზა სუბელიანი, ეს ხდება 8ს რომ უკლია 20 წუთი, ამ მომენტიდან მოყოლებული 15 დღის განმავლობაში წყდება თვითმხილველების დაკითხვები. ამაზე საზოგადოებამ იმსჯელოს. რატომ ელოდებიან 2 კვირის დაჭრას, რომ ცხელ კვალზე თვითმხილველები დაიკითხონ“,- აღნიშნა ოთო კახიძემ.

მისი თქმით, ეს და კიდევ ბევრი პასუხგაუცემელი საკითხი უნდა დაადგინოს კომისიამ.

„ჩვენ საზოგადოების წინაშე, საჯაროდ ამ ყველაფერს ავხდით ფარდას“,- განაცხადა კახიძემ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები