ხორავას ქუჩის საქმე

კიდევ ერთი დაჭრილი, დაუკითხავი მოწმეები - რა შევიტყვეთ კომისიის 25 ივნისის მოსმენიდან

Mediamall.GE

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 25 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს კახა სირაძეს და საქმის პროკურორს ზვიად ფხაკაძეს მოუსმინა.

მოსმენის პირველ ნაწილში სირაძემ და ფხაკაძემ ევროპული საქართველოს დეპუტატების კითხვებს უპასუხეს. კომისიის უბრავლესობას სწორედ საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატები შეადგენენ.

შეკითხვებმა და მათზე გაცემულმა პასუხებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება გამოავლინა.

რა გავიგეთ 25 ივნისის მოსმენიდან?

 

კომისიაზე დადასტურდა, რომ ხორავაზე კიდევ ერთი პირი დაიჭრა - ბრალდებული არ არსებობს

ეს ინფორმაცია მედიაში აქამდეც ვრცელდებოდა, თუმცა შსს-ს წარმომადგენელმა და საქმის პროკურორმა კომისიაზე ეს დაადასტურეს. დაჭრილია გ.მ.

სხდომაზე გაირკვა ისიც, რომ ცნობილია სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა თუმცა ის პასუხისგებაში მიცემული არ არის. საუბარია დ.ღ-ზე - მასზე ორი ჩვენება მიუთითებს. თავად დაჭრილი არ ამბობს, ვინ დაარტყა დანა.

ზვიად ფხაკაძემ თქვა, რომ გამოძიებას არ აქვს პასუხი ვინ დაჭრა გ.მ. და შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ეს იყო დანა.

დაწვრილებით ამის შესახებ წაიკითხეთ აქ.

 

მიხეილ კალანდიას, რომელიც მისივე ჩვენებით, დაჭრილ სარალიძეს ურტყამდა, გამოძიება თანამონაწილედ არ მიიჩნევს

პროკურორ ზვიად ფხაკაძეს ოთო კახიძემ წაუკითხა ხორავას ქუჩის საქმის მოწმეთა ჩვენებები, რომლის მიხედვითაც მიხეილ კალანდია ცალი ხელით ურტყამდა, ხოლო მეორეთი აკავებდა დავით სარალიძეს, იმ დროს როდესაც ის დაჭრილი იყო. კახიძემ მიხეილ კალანდიას ჩვენებაც წაიკითხა, სადაც კალანდია თავადაც ამბობს, რომ სარალიძეს ურტყამდა.

ფხაკაძემ თქვა, რომ კალანდიას მიზანი სარალიძის გაკავება არ იყო და სინამდვილეში მის გ.ჯ-სგან მოშორებას ცდილობდა, რომელიც მას ჭრიდა. შესაბამისად, გამოძიება მას მკვლელობაში თანამონაწილედ არ მიიჩნევს.

დაწვრილებით კალანდიას შესაძლო თანამონაწილეობის შესახებ წაიკითხეთ აქ.

 

ფარდული შსს-მ არ დალუქა და ადგილობრივმა მოსახლეობამ ის შსს-სგან „დამოუკიდებლად დაშალა“

ხორავას ქუჩის N4-ში მდებარე ფარდული, სადაც დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, შსს-მ არ დალუქა და არ შეინარჩუნა. კახა სირაძის თქმით, ფარდულის დემონტაჟის ბრძანება შსს-ს არ გაუცია, თუმცა მოსახლეობამ ის საკუთარი ინიციატივით, შსს-სგან დამოუკიდებლად დაშალა და მათ ეს ადრევე ქონდათ გადაწყვეტილი. მისი მტკიცებით, ფარდულის დაშლის მომენტისთვის გამოძიებას ის შესწავლილი ჰქონდა და შესაბამისი ნივთმტკცებებიც ამოღებული იყო.

უფრო დაწვრილებით ფარდულის შესახებ წაიკითხეთ აქ.

 

თვითმხილველთა ნაწილი არ დაკითხეს, ნაწილის დაკითხვა შეწყვიტეს და ორი კვირის შემდეგ განაგრძეს

შეკითხვას, თუ რატომ არ გამოიკითხა ჩხუბის ყველა თვითმხილველი, შსს-ს წარმოამდგენელმა ვერ უპასუხა. კახა სირაძემ თქვა, რომ დაიკითხა „ყველა ძირითადი მოწმე“. დაკითხულთა შორის არ აღმოჩნდნენ ისეთი პირებიც, ვინც მომხდარზე მედიით ლაპარაკობდა.

გაირკვა, რომ გამოძიებამ დაკითხა ერთერთი თვითმხილველის, ნიკა ვაჩეიშვილის, ცოლი, მაგრამ არ დაკითხა თავად ვაჩეიშვილი. სირაძემ ეს იმით ახსნა, რომ ცოლის დაკითხვაში „აისახა ის გარემოებები“, რასაც მისი მეუღლე დაინახავდა. შსს-სა და პროკურატურის წარმომადგნელები კომისიას უხსნიდნენ, რომ ხდებოდა „თვითმხილველების მიერ მოსაწოდებელი ინფორმაციის ფილტრაცია და ვერც ერთი ის პირი, ვინც გვიან დაიკითხა, კონკრეტულ ინფორმაციას ვერ იძლეოდა“.

კიდევ ერთი საინტერესო გარემოება მოწმეების დაკითხვის გადადებაა. მირზა სუბელიანის შევილის დაკითხვის შემდეგ, პროკურატურამ მოწმეების გამოკითხვაზე 15 დღიანი პაუზა აიღო. ზვიად ფხაკაძე ირწმუნება, რომ მირზა სუბელიანი „აბოლუტურად არაფერ შუაშია“ და "ფორმალურად მოწმის მოყვანა და გაშვება საქმეზე არაფერს არ გვაძლევს". მისი თქმით, გვიან დაკითხული მოწმეები იმ კატეგორიის იყვნენ, ვისაც „კონკრეტიზაციის მოხდენა“ არ შეეძლოთ.

დაუკითხავ მოწმეებზე დაწვრილებით წაიკითხეთ აქ და აქ.

 

რატომ არ აიღო გამოძიებამ სისხლის ყველა ნიმუში?

შსს-ს წარმომადგენლის თქმით, ექსპერტი „სისხლის ყველა წვეთზე დასკვნას ვერ დადებდა“. მას ჰკითხეს, თუ რატომ არ აიღეს შემთხვევის ადგილიდან კონკრეტულ მონაკვეთებზე არსებული სისხლის კვალი. ოთო კახიძემ აღნიშნა, რომ ოქმის მიხედვით, არაა აღებული სისხლის იმ ლაქების ნიმუშები, რომელზეც პროკურორი ამბობდა, რომ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი იყო.

უფრო დაწვრილებით წაიკითხეთ აქ.

 

ქუჩის კამერების ჩანაწერები დროულად არ ამოიღეს, რადგან არ იცოდნენ, „რა იყო კამერაზე გამოსახული“

"ჩვენთვის ხომ იყო გაურკვეველი, რა იყო იმ კამერაზე გამოსახული" - ასე უპასუხა საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ დეპუტატ ოთო კახიძის კითხვას, ხომ არ გაუცია ჩანაწერების დაუყოვნებლივ ამოღების მითითება.

იმას, რომ კამერების ჩანაწერები დანაშაულიდან მხოლოდ მე-6 დღეს ამოიღეს, ფხაკაძე „პროცედურებით“ ხსნის.

„1 დეკემბერს არ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად, ჯერ ჩვენთვის ხომ იყო გაურკვეველი, რა იყო იმ კამერაზე გამოსახული, რა უნდა ყოფილიყო... შესაბამისად, ჩვენ მოვიპოვეთ ეს მტკიცებულებები, მაგრამ დადგენილი იყო ისედაც მოქმედ პირთა წრე, ვინც მონაწილეობდა... წინასწარ კამერაზე რა არის გამოსახული, ხომ არ ვიცით" - ამბობს პროკურორი.

გამოძიებამ დაგვიანებით ამოიღო მკვლელობაში მონაწილე პირების ტელეფონებიც. შსს-ს წარმომადგენელი კახა სირაძე ამას „ტაქტიკით“ ხსნის, რომ მათთვის მიეცათ დრო, მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია გაეცვალათ. ორი კვირის შემდეგ ამოღებულ ტელეფონებში წაშლილი მიმოწერები ექსპერტებმა ვეღარ აღადგინეს.

დაწვრილებით კამერების ჩანაწერების შესახებ წაიკითხეთ აქ, ტელეფონების შესახებ კი - აქ.

 

ე.წ. დამატებითი შემთხვევის ადგილი სამართალდამცავებს ოფიციალურად არ დაუთვალიერებიათ - ოქმი არ შედგა

მკვლელობის ადგილთან ახლოს მდებარე ტერიტორია, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში მონაწილე არასრულწლოვნებმა თავი მოიწესრიგეს, სამართალდამცველებს ოფიციალურად არ დაუთვალიერებიათ და ოქმი არ შეუდგენიათ. ეს ინფორმაცია კახაბერ სირაძემ კომისიას დაუდასტურა.

მისი თქმით, ადგილზე ჯგუფი გავიდა, დაათვალიერა და „იქ არაფერი იყო“. ერთერთი ჩვენების მიხედვით, სისხლიანი დანა სწორედ ამ ეზოს ონკანზე გარეცხეს.

დაწვრილებით წაიკითხეთ აქ.

----

26 ივნისს, დღის პირველ ნახევარში კომისიის წევრები არასრულწლოვანთა დაკითხვის მეთოდოლოგიას გაეცნობიან, რის შემდეგაც, დრო კვლავ გამოსაკითხ პირებთან შეხვედრას დაეთმობა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის 22 ივნისის სხდომაზე უკვე გამოკითხეს დაღუპული მოზარდების ოჯახის წევრები - დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და ლევან დადუნაშვილის დედა ნათია საყვარელიძე. ასევე, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ გამოსაკითხ პირებთან შეხვედრისთვის კომისიის წევრებისგან ორი ჯგუფი დაკომპლექტდა. ისინი დროებით პატიმრობაში მყოფ პირებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გამოკითხავენ.

 

კომენტარები