ბლოგი

"მცირე მთავრობა" - ნეოკონსერვატიული პრაგმატიზმიდან ნეოსოციალისტურ პოპულიზმამდე

"არცერთი მთავრობა არ ამცირებს ნებაყოფლობით საკუთარ ზომას. სამთავრობო პროგრამები არასდროს არ ქრებიან", - რონალდ რეიგანი.

გასულ კვირას "ქართული ოცნების" საკონსტიტუციო უმრავლესობამ ტექნიკურ-დროებითი მთავრობის ფორმირების ფონზე გააჟღერა "მცირე მთავრობის" კონცეფცია და ამ კონცეფციის განხორციელების ერთ-ერთ ინსტრუმენტად გამსხვილებულ სამინისტროებში ე.წ. "სახელმწიფო მდივნების," როგორც უმაღლესი დარგობრივ-ადმინისტრაციული მოხელის თანამდებობების შემოღება დაანონსა.

"მცირე მთავრობა არის ტერმინი, რომელიც წარმომადგენლობითი ლიბერალური დემოკრატიის აღწერისას, განსაკუთრებით პოლიტიკური კონსერვატორების მიერ გამოიყენება იმ მთავრობის აღსაწერად, რომელიც საჯარო ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში, ასევე კერძო ბიზნესის საქმიანობაში მინიმალურად ერევა" - ამ კლასიკური განმარტების მიხედვით "მცირე მთავრობა" არის კონსერვატიული იდეა, რომელიც საზოგადოებრივ პროცესებში სახელმწიფოს ჩარევისადმი თვითშეზღუდულ და თავშეკავებულ მიდგომას გულისხმობს.

გარდა იმისა, რომ შუა საბიუჯეტო წელიწადში სტრუქტურული რეფორმების განხორციელება ძალიან რთულია, ამ სტატიით შევეცადოთ იმის ახსნას, რომ წარმომადგენლობითი ლიბერალური დემოკრატიის არარსებობის პირობებში ხელისუფლებაში ყოფნის მეექვსე წელს "ქართული ოცნების" საკონსტიტუციო უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული "მცირე მთავრობის" პროექტში ბევრი პოპულიზმი და ცოტა პარადოქსია, სამაგიეროდ ნული პარადიგმის ცვლილება, ნული რაციონალიზმი და ნული პრაგმატიზმია.

ისტორიულად სახელმწიფო მდივნის ინსტიტუტი წარმოადგენს მეცხრამეტე საუკუნიდან ბრანდენბურგ-პრუსიული სახელმწიფო ვერტიკალის გადმონაშთს, როდესაც ევროპულ მონარქიებში, პოლიტიკური პარტიების და წარმომადგენლობითი დემოკრატიის არარსებობის ეპოქაში, დარგობრივი მმართველობის შუალედური რგოლის ფუნქციას მონარქის სახელით სახელმწიფო მდივნები ასრულებდნენ.

მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან, ე.ი. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, დასავლეთ ევროპაში წარმომადგენლობითი დემოკრატიის განვითარებასთან ერთად "სახელმწიფო მდივნის" თანამდებობამ ორმაგი დანიშნულება შეიძინა - სამოხელეო და პოლიტიკური.

მაგალითად, დღევანდელ შვეიცარიაში სახელმწიფო მდივანს აქვს მხოლოდ საპარლამენტო ფუნქცია, ე.ი. პილიტიკური დანიშნულება, ხოლო აღმასრულებელ მდივნებს - სამოხელეო დანიშნულება, რომლებიც ფორმალურად ექვემდებარებიან ფედერალურ მინისტრს, მაგრამ სახელმწიფო აპარატის კარიერულ საფეხურზე წარმოადგენენ დარგზე პასუხისმგებელ უმაღლეს მოხელე-ადმინისტრატორებს.

შესაბამისად, შვეიცარიაში მაგალითად თავდაცვისა და სპორტის ფედერალურ მინისტრს ექვემდებარება ერთი ვიცე-მინისტრი, რომელიც ფორმალურად მისი პოლიტიკური შემცვლელია; ორი აღმასრულებელი მდივანი, რომელთაგან ერთი თავდაცვაზეა პასუხისმგებელი, მეორე - სპორტზე; ერთი საპარლამენტო მდივანი - ე.ი. ფედერალური მინისტრის წარმომადგენელი პარლამენტის წინაშე; და ერთიც სახელმწიფო მდივანი, როგორც პარლამენტის წარმომადგენელი აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებაში.

შვეიცარიისგან განსხვავებით, მონარქიულ ბელგიასა და ჰოლანდიაში, აგრეთვე რესპუბლიკურ გერმანიასა და ავსტრიაში მოქმედებს არა მხოლოდ "საპარლამენტო სახელმწიფო მდივნის" არამედ "სამოხელეო სახელმწიფო მდივნის" ინსტიტუტი.

მიუხედავად ამისა, ევროპის ყველა ქვეყანაში, სადაც მთავრობის ფორმირება კოალიციური უმრავლესობების საფუძველზე ხდება და ე.წ. "კოალიციური ხელშეკრულებით" ფორმდება, სახელმწიფო მდივნის უმთავრესი დანიშნულება არა დარგის ან ქვედარგის ხელმძღვანელობაა, არამედ შიდა-კოალიციური საპარლამენტო კონტროლის განხორციელება კოალიციის მხარეებს შორის.

ე.ი. აღმასრულებელ ხელისუფლებაში მინისტრების ქვემდებარედ სამოხელეო და პოლიტიკური ფუნქციების გამიჯვნას და შესაბამისად, ან აღმასრულებელი, ან სახელმწიფო ან საპარლამენტო მდივნების თანამდებობების შემოღებას აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად ქვეყნის პოლიტიკური სისტემა არის ლიბერალური დემოკრატია და თუ თავად აღმასრულებელი ხელისუფლება არის ფორმირებული კოალიციური პრინციპით და, არა საკონსტიტუციო უმრავლესობის საფუძველზე.

ე.ი. "მცირე მთავრობის" კონცეფციის აუცილებელი წინაპირობაა ლიბერალური დემოკრატია, ხოლო საკმარისი წინაპირობა – კოალიციურ პრინციპებზე აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირება.

ლიბერალური დემოკრატიისგან განსხვავებით, საკონსტიტუციო უმრავლესობით მთავრობის ფორმირება განასახიერებს დემოკრატიის დეფექტს და წარმომადგენლობითი დემოკრატიის ჩავარდნას, რის გამოც აღმასრულებელი ხელისუფლების უწყებები დაცლილია პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან და მხოლოდ სამეურნეო დანიშნულება გააჩნიათ.

შესაბამისად, რა მნიშვნელობა აქვს, საკონსტიტუციო უმრავლესობით შექმნილ აღმასრულებელ ხელისუფლებაში რამდენი სამინისტრო იქნება, მინისტრის ქვემდეგს მდივანი ერქმევა თუ მოადგილე?

რომელი მოადგილე გაუბედავს საერთოდ ზემდეგ მინისტრს პოლიტიკური ამბიციების გამოვლენას? აინტერესებს კი მას საერთოდ, ყურადღება მიიქციოს პოლიტიკური მისწრაფებებით, როდესაც მისთვის დაკისრებული სამეურნეო-ადმინისტრაციული ფუნქციებით დარგის ან ქვედარგის ფეოდალის მანტია აქვს მოსხმული?

საკონსტიტუციო უმრავლესობით მთავრობის ფორმირება ხომ ხელფეხს უხსნის კლანურ მმართველობას და კლანთაშორის გარიგებებს, რომელშიც მთავრობის წევრები - ე.ი. მინისტრები უმაღლესი კლანის, ხოლო მათი მოადგილეები - ქვეკლანების წარმომადგენლები არიან?!

საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში მათია მინისტრიც და მოადგილეც, მდივანიც და მრჩეველიც, ნაზირიც და ვეზირიც. (ერთ-ერთი რუსი მწერლის ცნობილი ფრაზა: "...მღვდელიც თქვენია და ეგზარხოსიც, მეფეც თქვენია და მეფისნაცვალიც..."). ყოველივე ამას კი არაფერი აქვს საერთო ევროპული სტილის წარმომადგენლობით დემოკრატიებთან.

იმისთვის რომ ხელისუფლების მხრიდან გადაწყვეტილებების მიღების პროცესი დაჩქარდეს მოქალაქეთა სასარგებლოდ და კეთილდღეობის ამაღლების მიზნით, ჯერ ხელისუფლების ფორმირების პროცესი უნდა გახდეს ევროპულ-კოალიციური და გამჭვირვალე. სწორედ ევროპული სტილის სახელმწიფო მმართველობის პირობებში იქნება "მცირე მთავრობის" კონცეფცია განხორციელებადი და ეფექტური.

2024 წლამდე საარჩევნო რეფორმის გადავადებით, ნიმუშების და გამოცდილების გასაზიარებლად დიდი ხანია "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ხედვა აქვს არა ევროპისკენ, არამედ თურქმენეთისკენ, უზბეკეთისკენ, ყაზახეთისკენ და რუსეთისკენ, რადგან სწორედ ეს ქვეყნები იმართება ავტორიტარულად, ჰიბრიდული რეჟიმებით და საკონსტიტუციო უმრავლესობებით.

საკონსტიტუციო უმრავლესობით ფორმირებულ აღმასრულებელ ხელისუფლებაში "მცირე მთავრობის" კონცეფცია ნონსენსია, რადგან მოკლებულია სახელმწიფოებრივ პრაგმატიზმს, წარმოადგენს ნეოლიბერალურ ახირებას და სავსეა ნეოსოციალისტური პოპულიზმის ელემენტებით.

ცენტრალიზებულ სახელმწიფოში "მცირე მთავრობის კონცეფციას" წინ უნდა უსწრებდეს რეგიონალური რეფორმა და თვითმმართველობების ინსტიტუციონალურად და ფინანსურად გაძლიერება.

შვეიცარია იმართება რვა ფედერალური სამინისტროს მიერ იმის გამო, რომ მრავალი სახელმწიფო კომპეტენცია (მაგალითად, პოლიცია, ჯანდაცვა, კულტურული მემკვიდრეობა, მეცნიერება და ტექნოლოგიები, განათლების ყველა საფეხური და ა.შ.) არის დეცენტრალიზებული და ხორციელდება ინსტიტუციონალურად დამოუკიდებელი და ფინანსურად ძლიერი რეგიონების და თვითმმართველობების მიერ.

ფინანსურად დაუთვლელი პროექტის ინიცირება შუა საბიუჯეტო წელიწადში შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც "ქართული ოცნების" ერთგვარი მანევრი, რომლებიც ემსახურება ხელისუფლებაში ყოფნის მეექვსე წელიწადს განათლების სისტემაში, მართლმსაჯულებაში, იუსტიციასა და საზოგადოებრივ წესრიგში რეფორმების ჩავარდნის და, ზოგადად დემოკრატიის დაბალი ხარისხის გადაფარვის მცდელობას.

ტექსტი სრულად გამოხატავს ავტორის პირად მოსაზრებებს

კომენტარები