სტრუქტურული ცვლილებები

ბახტაძის ინიციატივით, რელიგიის სააგენტო უქმდება და ის შერიგების სამინისტროში შევა

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები წარადგინა, პროექტის მიხედვით - სასჯელაღსრულების, დევნილთა და კულტურის სამინისტროები უქმდება. ასევე უქმდება მთავრობის ადმინისტრაციაში არსებული სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და ის შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ბაზაში შევა.

2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით, რელიგიის სააგენტოს ბიუჯეტი 5.3 მილიონი ლარია, აქედან უწყებაში დასაქმებული 22 ადამიანის ხელფასებზე ნახევარი მილიონი ლარი იხარჯება. რელიგიის სააგენტო რელიგიურ უმცირესობებს - საქართველოს ისლამურ თემს, საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულ თემს, საქართველოს რომანულ-კათოლიკეთა ქრისტიანულ თემს და ასევე  საქართველოს იუდეურ თემს სახელმწიფო დაფინანსებას აძლევს.

სხვა ცვლილებები ასე გამოიყურება: 

  • კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროში შევა;
  • სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროში შევა;
  • დევნილთა და განსახლების სამინისტრო გაიყოფა რამდენიმე ნაწილად, დევნილთათვის განსახლების მიმართულება გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტს შსს შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა შეუერთდება ჯანდაცვის სამინისტროს. 

ამასთანავე, ეკონომიკის სამინისტროს გამოეყოფა ინფრასტრუქტურული პროექტები და მათაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს. 

ცვლილებების შედეგად, საქართველოს 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრი ეყოლება.

მამუკა ბახტაძეს ახალი მინისტრები არ დაუსახელებია, მისი თქმით, მინისტრებობის კანდიდატებს საზოგადოება უახლოეს მომავალში პარლამენტში იხილავს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები