მედიცინა

FDA-მ მარიხუანაზე დაფუძნებული პირველი მედიკამენტი დაამტკიცა

მარიხუანა
www.npr.org

25 ივნისს ამერიკის საკვების და მედიკამენტების უსაფრთხოების ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა მარიხუანასგან მიღებული წამალი, რომელიც ეპილეფსიის ორ იშვიათ და მძიმე ფორმას კურნავს.

ბრიტანული კომპანია GW Pharmaceutical-ის წამალი, ეპიდიოლექსი კანაბიდიოლისგან მიიღეს, რომელიც მარიხუანას ერთ-ერთი კომპონენტია. მას მიიღებენ ზეთის სახით და კლინიკურ კვლევებში მან დრავეს და ლენოქს-გასტოს სინდრომების მქონე პაციენტებში გულყრების რაოდენობა დაახლოებით 40 პროცენტით შეამცირა.

„ეს მნიშვნელოვანი წინსვლაა მედიცინისთვის“, - თქვა FDA-ს კომისიის წევრმა დოქტორ სკოტ გოთლიბმა თავის განცხადებაში.

კანაბიდიოლი ერთ-ერთია 80 აქტიური კანაბინოიდური ნივთიერებებიდან, თუმცა THC-სგან და ტეტრაჰიდროკანაბინოლისგან განსხვავებით, მას გაბრუების და თრობის ეფექტი არ აქვს.

GW Pharmaceutical-ის აღმასრულებელი დირექტორი ამას ისტორიულ მომენტს უწოდებს და დასძენს, რომ კლინიკურად გამოკვლეული კანაბინოიდური მედიკამენტი შემოდგომიდან პაციენტებისთვის ხელისაწვდომი გახდება.

კომენტარები