სტრუქტურული ცვლილებები

სოზარ სუბარი: მთავრობის ახალ შემადგენლობაში აღარ ვიქნები

ტაბულა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მოქმედმა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში აღარ იქნება. დევნილთა მინისტრმა მისი პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენის შესახებ ინფორმაციაც უარყო.

სოზარ სუბარმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა, რომ საზოგადოება ამას მოგვიანებით გაიგებს - "ჩემს გეგმებთან დაკავშირებით მოგვიანებით გაიგებთ. ერთადერთი პასუხი, რაც შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, ეს არის, რომ – არა. ახალ მთავრობაში ვერ მიხილავთ".

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ დღეს, 26 ივნისს გამართულ ბრიფინგზე სტრუქტურული ცვლილებების მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქცია სამ სხვადასხვა უწყებაზე გადანაწილდება. დევნილთათვის განსახლების ფუნქცია გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციას შსს შეითავსებს, სოციალურ პოლიტიკას - ჯანდაცვის სამინისტრო. 

ცვლილებები შეეხო შემდეგ სტრუქტურებსაც

  • კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროში შევა;
  • სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროში შევა;
     

ცვლილებების შედეგად, საქართველოს 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრი ეყოლება.

კომენტარები