სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

სარალიძე: პროკურორს არ დავმუქრებივარ, ვაგინე და დიდხანს ვერ იმუშავებ პროკურატურაში-მეთქი

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა ამბობს, რომ საქმის პროკურორ ზვიად ფხაკაძისთვის მუქარის შემცველი შეტყობინებები არ გაუგზავნია. ზაზა სარალიძემ ტაბულას განუცხადა, რომ ფხაკაძეს გუშინ ნამდვილად მიწერა, თუმცა მუქარა არ ყოფილა და იყო გინება. ის მზადაა მიმოწერა საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარეს მიაწოდოს.

"რატომ არ გაასაჯაროვა თუ ვემუქრებოდი? ღიად აჩვენოს.​ მიწერით მივწერე რა თქმა უნდა, მაგრამ არავითარი მუქარის მესიჯი არ გამიგზავნია. როდის უნდა ილაპარაკო სიმართლე-მეთქი მივწერე", - ამბობს სარალიძე.

ტაბულას კითხვას, იყო თუ არა ისეთი ტექსტი, რაც შესაძლოა, პროკურორს მუქარად ჩაეთვალა, ზაზა სარალიძე პასუხობს:

"როდის მოხვალ ჭკუაზე და ბოლო-ბოლო როდის უნდა ილაპარაკო სიმართლე, დიდხანს ვერ იმუშავებ მაგ ვითომ პროკურატურაში-მეთქი და უწმაწური სიტყვებიც მივწერე, ვაგინებდი პირდაპირ. კალანდიას იცავ კბილებით, შენი დედაც-მეთქი. გავასაჯაროებ ცოტა ხანში, რახან მასე მიიღო, რომ ვითომ მუქარის მესიჯები იყო. კომისიის თავმჯდომარეს გადავუგზავნი იმ მიწერ-მოწერას, მაგას თუ ჰგონია, არ ვინახავ, ძალიან შემცდარა. კომისიის თავმჯდომარეს გადავუგზავნი და ვთხოვ გაასაჯაროვოს. არავისი არ მეშინია და ნებისმიერ სიტყვაზე ვაგებ პასუხს", - აცხადებს ზაზა სარალიძე ტაბულასთან.

პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ დღეს, ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ გუშინ, სხდომის პარალელურად მას ზაზა სარალიძე ემუქრებოდა.

ფხაკაძე ამბობს, რომ მაშინ, როცა ის კომისიას ახსნა-განმარტებას აძლევდა, მის კუთვნილ მობილურ ტელეფონზე მუქარის ტექსტები შედიოდა და ახსნა-განმარტების პროცესი მუქარის პარალელურად მიმდინარეობდა.

"გუშინ, როდესაც მე კომისიას ვაძლევდი განმარტებას, იმ პროცესში ჩემ კუთვნილ მობილურ ტელეფონზე შემოვიდა მუქარის შემცველი ტექსტები, რაც უკავშირდებოდა აშკარად ჩემ საპროკურორო საქმიანობას და ასევე კავშირში იყო იმ ახსნა-განმარტების შინაარსთან, რასაც მე კომისიას ვაძლევდი", - აცხადებს ფხაკაძე.

პროკურორის თქმით, მან უკვე მიმართა შესაბამის პირებს. გარდა ამისა, ფხაკაძე აცხადებს, რომ მზადაა მის მობილურზე შესული შეტყობინებები კომისიის წევრებს აჩვენოს, თუმცა სხდომის დახურვის შემდეგ, რადგან ტექსტში არის პირადი შეურაცხყოფა.

"მინდა იცოდეთ, რომ ჩემ მიერ ახსნა-განმარტების პროცესი ხორციელდებოდა გარკვეული პირების მხრიდან კონკრეტული მუქარის შემცველი ტექსტების ქვეშ", - აღნიშნა პროკურორმა.

კომენტარები