აშშ-რუსეთი

ტრამპის და პუტინის სამიტი შესაძლოა ჰელსინკიში გაიმართოს

ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი
AFP

გავრცელებული ცნობით, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შესაძლო შეხვედრის ადგილად ფინეთის დედაქალაქს განიხილავენ.

დონალდ ტრამპი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს 11-12 ივლისს ეწვევა და NATO-ს ლიდერების შეხვედრას დაესწრება, 13 ივლისს კი დიდ ბრიტანეთში ჩავა. პუტინთან სამიტი, სავარაუდოდ, დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ იგეგმება.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯონ ბოლტონი მოსკოვს ხვალ ეწვევა და ვლადიმირ პუტინთან სამიტის საკითხს განიხილავს.

"ბევრი საკითხია, რასაც, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტი პუტინი განიხილავენ, და ყველა მათგანი მნიშვნელოვანია ურთიერთგაგების მცდელობის გზაზე.""რუსები, განსხვავებით ევროპელებისაგან, არ იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს. ეს განსხვავებული საუბარი იქნება, თუმცა ამ საუბრის გამართვა ღირებული იქნება." თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ CNN-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობისას ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოხარული იქნება გამართოს სამიტი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მაშინ, როდესაც ოფიციალური ვაშინგტონი ამისათვის მზად იქნება.

"აშშ-ის პრეზიდენტი მუდმივად ამბობს, რომ ასეთი შეხვედრის ჩატარება გონივრული იქნება. როგორც კი აშშ-ის მხარე მზად იქნება, შეხვედრა შედგება, იმის მიხედვით, რა თქმა უნდა, თუ როგორი სამუშაო გრაფიკი მექნება." თქვა მან.

პუტინმა ისიც აღნიშნა, რომ ავსტრია იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც ტრამპითან სამიტის მასპინძლობა შესთავაზა.

კომენტარები