მაიკ პომპეო

მაიკ პომპეო: აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობაა

მაიკ პომპეო
Getty Image

The Wall Street Journal-თან ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა.

ის რუსეთთან და ჩინეთთან უერთიერთობის საკითხებს შეეხო და თქვა, რომ წლების მანძილზე აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი ტერორიზმთან ბრძოლა იყო და მიუხედვადად იმისა, რომ ეს საკითხი დღესაც მნიშვნელოვანია, გეოპოლიტიკას უფრო და უფრო განსაზღვრავს კონფლიქტი ისეთ ძლიერ სახელმწიფოებთან, როგორებიც ჩინეთი და რუსეთია.

პომპეოს თქმით ჩინეთი პატივს არ სცემს სავაჭრო ურთიერთობების ნორმალურ და სამართლიან გაგებას. "ისინი მიმართავენ ინტელექტუალური საკუთრების მითვისების და მტაცებლური ეკონომიკის გზებს." თქვა პომპეომ და განმარტა, რომ ჩინეთთან სერიოზული ურთიერთობები ორივე მხარისაგან მოითხოვს ერთმანეთის გრძელვადიანი ინტერესების პატივისცემას და კანონებზე დამყარებული სტუქტურის შექმნას.

პომპეომ ასევე ისაუბრა რუსეთთან თანამშრომლობაზე.

"ბევრი საკითხია, რომელზეც ვერ ვთანხმდებით. ჩვენი ფასეულობების სისტემა დაუჯერებლად განსხვავებულია, თუმცა არის საკითხები, სადაც შეგვიძლია თანხვედრა." "სწორედ ეს გამოწვევა დგას სახელმწიფო მდივნის წინაშე - იპოვოს ეს თანხვედრის წერტილები, სადაც თანამშრომლობა შესაძლებელია ისე, რომ ამერიკა დაიცვას ამ ქვეყნების მთავრობების საზიანო აქტივობებისაგან."

პომპეომ ასევე ისაუბრა გერმანიასთან ბოლო პერიოდში დაძაბულ ურთიერთობებზე. მისი თქმით ამას ორი მიზეზი აქვს. მან გერმანიის თავდაცვის ბიუჯეტი და ვაჭრობა გამოყო.

"მნიშვნელოვანია, რომ მათ აჩვენონ მზაობა საკუთარი ხალხის დასაცავად." "როდესაც ისინი ასე მოიქცევიან, ჩვენ მზად ვიქნებით ყველაფერი გავაკეთოთ მათ მხარდასაჭერად." თქვა მან და ასევე აღნიშნა, რომ გერმანიას სჭირდება სამართლიანი და ექვივალენტური სატარიფო და სხვა ეკონომიკური ბარიერების სისტემა.

მისი თქმით ამ საკითხების გადაწყვეტა აშშ-გერმანიის ურთიერთობებს ჩვეულ რიტმში დააბრუნებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით დონალდ ტრამპის დამოკიდებულება სხვადასხვა საერთაშორისო ორგაიზაციების მიმართ განისაზღვრება არა იმით, თუ რა როლს თამაშობდნენ და რა გავლენა ჰქონდათ ამერიკაზე ამ ორგანიზაციებს ათწლეულების წინ, არამედ იმით, თუ როგორ აძლიერებენ ისინი ამერიკას ახლა და რა როლს ითამაშებენ მომავალში.

პომპეოს მიაჩნია, რომ ტრამპის სტრატეგია, რომელიც ამერიკას წინა პლანზე აყენებს არ ნიშნავს, რომ ამერიკა გლობალური ლიდერის პოზიციიდან უკან იხევს. მისი თქმით ეს პოლიტიკა ებრძვის იმ კანონებს, რომელებიც აღარ არის სამართლიანი და ამასთანავე ემსახურება ევროპასა და აზიაში ამერიკის პარტნიორებთან ისტორიული ურთიერთობების შენარჩუნებას.

შეგახსენებთ, რომ მაიკ პომპეო ჩრდილოეთ კორეასთან ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის თაობაზე მოლაპარაკებების შესახებ CNN-ს ესაუბრა და თქვა, რომ არ აპირებს ქვეყანას კონკრეტული ვადები დაუწესოს.

"მე არ დავაწესებ კონკრეტულ ვადებს, ეს იქნება ორი თვე თუ ექვსი თვე, ჩვენ გვსურს წინსვლა." თქვა მან და განმარტა, რომ აშშ მუდმივად შეაფასებს ჩრდილოეთ კორეის პროგრესს ბირთვული განიარაღების კუთხით და სამომავლო თანამშრომლობის და ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებებს ამაზე დაყრდნობით მიიღებს.

CNN-თან ინტერვიუში პომპეომ დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის სავარაუდო შეხვედრაზეც გააკეთა კომენტარი:

"ბევრი საკითხია, რასაც, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტი პუტინი განიხილავენ, და ყველა მათგანი მნიშვნელოვანია ურთიერთგაგების მცდელობის გზაზე.""რუსები, განსხვავებით ევროპელებისაგან, არ იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს. ეს განსხვავებული საუბარი იქნება, თუმცა ამ საუბრის გამართვა ღირებული იქნება." თქვა მან.

კომენტარები