იტალია

ჯუზეპე კონტე: რუსეთისათვის დაწესებული სანქციები ავტომატურად არ უნდა განახლდეს

ჯუზეპე კონტე
Getty Images

იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯუზეპე კონტემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპის მიერ რუსეთისათვის ეკონომიკური სანქციების განახლება ავტომატური პროცესი არ უნდა იყოს.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ რუსეთისათვის სანქციების განახლება ავტომატურად არ ხდებოდეს." "ჩვენ სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ამას. სანქციები საშუალება უნდა იყოს და არა მიზანი." თქვა კონტემ და განმარტა, რომ იტალია დიდ ყურადღებას დაუთმობს იტალიური კომპანიების ინტერესების დაცვას.

ევროკავშირის ლიდერები სანქციების განახლების საკითხს 28-29 ივნისს ბრიუსელში განიხილავენ. ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები 2014 წელს ყირიმის ანექსიისათვის დაუწესა.

შეგახსენებთ, რომ ჯუზეპე კონტემ პარლამენტში თავის პირველ გამოსვლაში აღნიშნა, რომ რუსეთისადმი უფრო გახსნილ პოლიტიკას დაუჭერს მხარს.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ სანქციების გადახედვას, დაწყებული იმ ზომებით, რომლებიც დამამცირებელია რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებისათვის." თქვა მან.

იტალიის ამჟამინდელი სამთავრობო კოალიციის წევრი ორივე პარტია, "ჩრდილოეთის ლიგა" და "5 ვარსკვლავის მოძრაობა" რუსეთთან დაახლოების და სანქციების გადახედვის მომხრეა.

კომენტარები