ავტოავარია

თავდაცვის სამინისტრო: ჩვენი თანამშრომლების ავტომანქანა თურქეთის კუთვნილ ტრაილერს შეეჯახა

თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საავტომობილო ბაზის მსუბუქი მანქანების ასეულის მძღოლების, გრიგოლ კამანდოს ძე გარაყანიძისა (13.03.1964) და უმცროსი სერჟანტ გაბრიელ ნოდარის ძე გვარჯალაძის (26.08.1974) დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მათ ოჯახებს.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის აგარის მონაკვეთზე მოხდა. თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული მსუბუქი ავტომანქანა ŠKODA, რომელსაც სავარაუდოდ გრიგოლ გარაყანიძე მართავდა, თურქეთის რესპუბლიკის კუთვნილ სატვირთო ტრაილერს DAFF შეეჯახა. 

ავტოავარიის შედეგად, დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს ორი თანამშრომელი. ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო კიდევ ორმა ადამიანმა.

"მათგან ერთის - ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საავტომობილო ბაზის მსუბუქი მანქანების ასეულის მძღოლის, უმცროსი სერჟანტ ალექსანდრე აკაკის ძე კახიანის (26.11.1981) ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამჟამად ის მოთავსებულია ქალაქ გორში მდებარე სამედიცინო ცენტრში „გორმედი“. პირველადი გამოკვლევებით აღენიშნება თავის ტვინის ჰემორაგიული დაჟეჟილობა და მრავლობითი მოტეხილობები. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მეორე პიროვნება, დაღუპულ გრიგოლ გარაყანიძის შვილი -  ირაკლი გრიგოლის ძე გარაყანიძე შპს „გორმედში“ რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარების შემდეგ გაიწერა" - აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით. ეს გულისხმობს სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.  

"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უცხადებს სამძიმარს გარდაცვლილი პირების ოჯახებს. მათ დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს სრულად დავფარავთ" - აღნიშნავს უწყება.  

კომენტარები