სუდანი

სუდანელ გოგოს, რომელმაც მოძალადე ქმარი მოკლა, სიკვდილით აღარ დასჯიან

19 წლის სუდანელ გოგოს, ნაურა ჰუსეინს, რომელმაც ქმარი გაუპატიურებისთვის მოკლა, სასიკვდილო განაჩენი 5 წლიანი სასჯელით შეეცვალა.

BBC-ის ცნობით, 15 წლის ნაურა, საკუთარ ბიძაშვილზე იძულებით გაათხოვეს, რომელიც მასზე გაცილებით უფროსი იყო.

როგორც ნაურამ სასამართლოში მოყვა, ის არაერთხელ ყოფილა ქმრის ძალადობის მსხვერპლი და რამდენჯერმე სახლიდანაც წავიდა. გარკვეული პერიოდი დეიდასთან ცხოვრობდა, თუმცა მამამისმა იძულებით, ის კვლავ ქმრის ოჯახში დააბრუნა.

მიუხედავად ამისა, ნაურამ უარი განაცხადა, ქმართან ინტიმური კავშირი დაემყარებინა. შედეგად, მან ის მაშინ გააუპატიურა, როდესაც ნაურას სხვა ბიძაშვილები აკავებდნენ.

მეორე დღეს, როდესაც ქმარმა იმავეს გამეორება სცადა, გოგონამ მას დანა დაარტყა. გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა.

10 მაისს, შარიათის სასამართლომ, ნაურა ჰუსეინს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

მისმა მხარდამჭერებმა ნაურას გადასარჩენად პეტიცია შეადგინეს  და დაიწყო მასშტაბური კამპანია #JusticeForNoura 

საერთაშორისო ორგანიზაციამ, Amnesty International-მა ნაურას დასახმარებლად ინტერნეტ კამპანიაც წამოიწყო, რომელშიც ბევრი ცნობილი ადამიანიც ჩაერთო.

საბოლოოდ, საზოგადოების თანადგომის შედეგად, სააპელაციო სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გააუქმა და ნაურა ჰუსეინს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები