განათლება

ბახტაძე: განათლების სისტემაში ინვესტიციები მინიმუმ სამჯერ უნდა გავზარდოთ

ფინანსთა სამინისტრო

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკის მოდერნიზაციისთვის საჭიროა რომ საქართველოს სამუშაო ძალა განვითარდეს, რასაც პირველ რიგში განათლების სისტემაში ინვესტიციების ზრდა ესაჭიროება.

"ჩვენ გვჭირდება მეტი ინვესტიციები განათლებაში, მათ შორის, ისეთ სასწავლებლებში, რომლებიც რეგიონებში მდებარეობს. ჩვენ გვინდა მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას, სადაც ყველა მოქალაქეა ჩართული. ინვესტიციები უნდა გავზარდოთ, მინიმუმ, სამჯერ და მეტჯერ, თუ ეკონომიკა ამის საშუალებას მოგვცემს,"- ამბობს ბახტაძე.

თუ განათლების სამინისტროს ბიუჯეტს შევადარებთ 2012 წელს არსებულ დაფინანსებას ვნახავთ, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში მთავრობამ ამ მიმართულების დაფინანსება გააორმაგა. 2012 წელს განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 627 მილიონი ლარი იყო დღეს კი ის 1.186 მილიარდ ლარს შეადგენს. უცნობია მოჰყვა თუ არა სამინისტროს დაფინანსების გაორმაგებას განათლების ხარისხის გაორმაგება.

2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით, განათლების სამინისტროს ბიუჯეტის ნახევარი - 600 მილიონი ლარი საშუალო განათლების სისტემის დაფინანსებისთვის იხარჯება. პროფესიული განათლების განვითარებაზე კი 40 მილიონი ლარი იხარჯება.

"პირადად მე, ძალიან მომწონს ფინური მოდელი, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. ფინელებიც, ჩვენსავით არ არიან მრავალრიცხოვანი ერის წარმომადგენლები, მაგრამ შეძლეს ის, რომ საშუალო სკოლის განათლების სისტემა აქვთ საუკეთესო,"- ამბობს ახლადარჩეული პრემიერმინისტრი.

კომენტარები