ოთხოზორია- ტატუნაშვილის სია

ციხელაშვილი სიაზე: გარკვეულ პირებთან კითხვები არსებობს, არიან თუ არა ცოცხლები

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო

ოთხოზორია- ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით, სადაც გარდაცვლილი პირებიც აღმოჩნდნენ,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი განმარტებებს აკეთებს.

როგორც ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გარკვეულ პირებზე კითხვები არსებობს, ცოცხლები არიან თუ არა, თუმცა საქმის დახურვისთვის შესაბამისი მტკიცებულებები გამოძიებას არ აქვს. 

"გარკვეულ პირებთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, არიან თუ არა ისინი ცოცხლები. თუმცა, ამის მტკიცებულება, რომელიც გამოდგებოდა იმისთვის, რომ საქმე დაიხუროს, ჩვენ სამართალდამცავებს არ აქვთ. ბუნებრივია, ამიტომ ამ ადამიანების სახელები მოხვდა ამ სიაში. მათი ბრალეულობა და ზოგიერთ შემთხვევაში მსჯავრდებულობა იქნეს დაფიქსირებული",- აღნიშნა მან. 

საქართველოს მთავრობამ "ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სია გუშინ გამოაქვეყნა. ის 33 პირისგან შედგება. აღსანიშნავია, რომ სიაში არ არიან რუსეთის საოკუპაციო სტრუქტურების წარმომადგენლები.

"ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია" გულისხმობს დოკუმენტს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენელთა ან/და მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მაცხოვრებელთა მიერ საქართველოს მოქალაქეთა გატაცებაში, მათთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, წამებასა და სიცოცხლის მოსპობაში ეჭვმიტანილი და მსჯავრდებული, აღნიშნული დანაშაულების ხელშემწყობი და დანაშაულების დაფარვაში შემჩნეული პირების შესახებ. 

სიის შექმნა ევროპული საქართვლოს ინიციატივა იყო. სია მას შემდეგ შეიქმნა, რაც ახალგორიდან დევნილი, სოფელ წილკანში მცხოვრები არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს და წამებით მოკლეს.

რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც წერია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნასთან დაკავშირებით და მის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შავ სიაში შეიყვანონ ის პირები, რომლებიც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შევლენ. ასევე მათ მიმართ შემოღებული იყოს ევროკავშირის მასშტაბით სანქციები.

 

კომენტარები