ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში

ადამიანის უფლებათა ცენტრი: შემოწმების მიზნით პატიმარ ქალებს კვლავ აშიშვლებენ

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშის მიხედვით, რომელიც ქალთა და არასრულწლოვან პატიმართა მდგომარეობას ეხება, საპატიმროებში შემოწმების მიზნით ქალების გაშიშვლების პრაქტიკა კვლავ მოქმედებს. 

ორგანიზაციამ დოკუმენტი დღეს გამოაქვეყნა. საპატიმროებში მონიტორინგი ორგანიზაციის მონიტორებმა განახორციელეს. ანგარიში ადამიანის უფლებათა ცენტრმა სახალხო დამცველის ოფისთან ერთად მოამზადა. 

ანგარიშის მიხედვით, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დაწესებულებაში მიღებისას კვლავ ხდება ქალი პატიმრების მიმართ სრული პირადი შემოწმების გამოყენება, გაშიშვლების გზით, რა დროსაც მათ სთხოვენ ბუ​ქნების გაკეთებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს მენსტრუალური ციკლი.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ მსგავსი შემთხვევები გასულ წლებშიც ხდებოდა.

"ქალი პატიმრების განმარტებით, აღნიშნული პროცედურები იყო დამამცირებელი და მორალურ ზიანს აყენებდა მათ. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული პროცედურები ტარდებოდა პატიმრის მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვებისას და დაბრუნების ყველა შემთხვევაში, პატიმრები უარს აცხადებდნენ დაწესებულების გარეთ სამედიცინო მომსახურების მიღებასა და სასამართლო პროცესზე გაყვანაზე.

2016 წელს N5 დაწესებულებაში დამონტაჟდა სკანერის აპარატი და დაწესებულების დებულებაში შევიდა ცვლილებები პირადი სრული შემოწმების წესებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს მიენიჭა უფლება, თავად აირჩიოს სრული შემოწმების მეთოდი (პირადი სრული შემოწმება ან სკანერით შემოწმება). აღნიშნული წესები, დებულების თანახმად, მოქმედებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღების, დაწესებულებიდან გაგზავნის, დაწესებულებაში დაბრუნებისა და დებულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. განხორციელებული ვიზიტების დროს დადგინდა, რომ ქალ მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს, დაწესებულებაში პირველად მოთავსების დროს, არ ეძლევათ შემოწმების შემოთავაზებულ მეთოდებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. მიღებული ინფორმაციის თანახმად, დაწესებულებაში მიღებისას მათ მიმართ გამოიყენება როგორც სკანერით შემოწმება, ასევე სრული პირადი შემოწმება გაშიშვლების გზით, რა დროსაც მათ სთხოვენ ბუქნების გაკეთებას", - ნათქვამია ანგარიშში. 

ორგანიზაცია აცხადებს, რომ პატიმრებს არჩევანის გაკეთების უფლება უნდა ჰქონდეთ, ხოლო გამონაკლისს წარმოადგენდეს შემთხვევა, თუ სკანერით შემოწმებამ დაადასტურა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ აკრძალული ნივთის/ნივთიერების ფლობა ან წარმოიქმნა საფუძვლიანი ეჭვი ასეთი ნივთის ფლობასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია სკანერით შემოწმების შემდეგ გაშიშვლებისა და შინაგანი შემოწმების ჩატარება.

"თუმცა, N5 დაწესებულებაში მიღებისას ქალი პატიმრების ერთდროულად სკანერითა და გაშიშვლების მეთოდებით შემოწმება ხდება რუტინულად და ბლანკეტურად, კონკრეტული დასაბუთების გარეშე, რაც ეწინააღმდეგება N5 დაწესებულების დებულებით დადგენილ წესებს". 

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, პრობლემურია, ასევე, გაშიშვლების მეთოდი. კერძოდ, გაშიშვლებისას ქალ პატიმრებს სთხოვენ ტანსაცმლის ერთბაშად და არა ნაწილ-ნაწილ გახდას, რაც ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის მიერ დადგენილ სტანდარტებს.

"აღსანიშნავია, რომ დაწესებულებაში მიღებისაგან განსხვავებით, დაწესებულებიდან გაყვანის შემთხვევებში (მაგალითად, სასამართლო დაწესებულებაში ან სამკურნალო დაწესებულებაში), ქალ მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს აძლევენ უფლებას, აირჩიონ პირადი სრული შემოწმების სასურველი გზა. ამ შემთხვევებში, მიღებული ინფორმაციით, ქალი პატიმრების შემოწმება უმეტესწილად სკანერის გამოყენებით ხდება. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ N5 დაწესებულებაში განთავსებულ სკანერს, რომელიც ქალი პატიმრების პირადი სრული შემოწმების საშუალებას წარმოადგენს, არ ახლავს მოხმარებისა და უსაფრთხოების დაცვის ინსტრუქცია. დაწესებულების ადმინისტრაციის განმარტებით, დაწესებულებაში მსგავსი ინსტრუქციები არ აქვთ წერილობითი ფორმით. ადმინისტრაციის ინფორმაციით, სკანერის გამოყენებასთან დაკავშირებით შესაბამისად არიან მომზადებული დაწესებულების თანამშრომლები.

2018 წლის იანვრიდან აპრილის თვის ჩათვლით ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული შემოწმება/დათვალიერებისას სხეულში აკრძალული ნივთი არ აღმოჩენილა. ის ფაქტი, რომ არც ერთი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული შემოწმებისას არ იყო აღმოჩენილი რაიმე სახის აკრძალული ნივთი, მიანიშნებს, რომ დაწესებულებაში ყველა შემთხვევაში სრული შემოწმების ჩატარების საჭიროება არ არსებობს.

სხეულის შემოწმების ინვაზიური ბუნებიდან გამომდინარე, სრული შემოწმება შესაძლებელია იყოს დამთრგუნველი ან დამამცირებელი ყველა დაკავებულისათვის. ქალები კიდევ უფრო დაუცველნი და მოწყვლადნი არიან ამ სიტუაციაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ პატიმრის სხეული სრულად შემოწმდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს მკაცრად აუცილებელია დაწესებულებაში, პატიმრებისა და გარშემომყოფთა უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშში.

კომენტარები