ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საპასუხოდ, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი "შავ სიას" ამზადებს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის თავჯდომარის, პეტრე გასიევის თქმით, "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" საპასუხოდ, დე ფაქტო რეგიონი "შავ სიას" ამზადებს. 

როგორც გასიევმა "სპუტნიკსთან" აღნიშნა, ეს სია მზად წლის ბოლომდე იქნება. 

მისი თქმით, უკვე მიჩვეულნი არიან საქართველოს მხრიდან მსგავს ქმედებებს. 

"ქვეყანამ ორჯერ მოგვიწყო გენოციდი და კიდევ ასეთ სიას აკეთებს- არ მიკვირს, ეს მათი სტილია. ქართველი პოლიტიკოსები პატარა ძაღლს მაგონებს. ყეფს, უკან მოგსდევს, ფეხზე გკბენს და როცა უკან გახედავს, პანიკაში ვარდება, გარბის და ყველას ეწუწუნება, რომ აწყენინე. ეს მუდმივად ასე იყო და არაფერი შეცვლილა",- თქვა მან. 

გასიევის განცხადებით, დე ფაქტო მთავრობა უკვე დიდი ხანია მუშაობს პროექტზე "სამხრეთ ოსეთის პირადი სია", რომელსაც "სანაკოევის სიაც" შეიძლება ვუწოდოთ. გასიევის მტკიცებით, გრიგორი სანაკოევი 1992 წელს საქართველოში სასტიკად მოკლედ. 

"სია აუცილებლად დამტკიცდება და მასში საქართველოს, ამერიკის, უკრაინის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც შევლენ, რომლებსაც ოსი ხალხის გენოციდში მიუძღვით ბრალი, თუნდაც 2008 წლის ომის დროსაც",- აღნიშნა გასიევმა.

მისივე თქმით, ეს სია "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" საპასუხო იქნება რადგან მისი შედგენა უკვე 2 წლის წინ დაიწყეს. გასიევის თქმით, სია შესაძლოა გაფართოვდეს. მისივე თქმით, დე ფაქტო მთავრობა ყველა შესაძლო ძალისხმევას და სანქციას გამოიყენებს აღნიშნულ სიაში შემავალი პირების მიმართ, "მათ შორის ინტერპოლის ხაზით". 

საქართველოს მთავრობამ "ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სია 26 ივნისს გამოაქვეყნა. ის 33 პირისგან შედგება. აღსანიშნავია, რომ სიაში არ არიან რუსეთის საოკუპაციო სტრუქტურების წარმომადგენლები და ასევე, სიაში გარდაცვლილი ადამიანებიც აღმოჩნდნენ. 

"ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია" გულისხმობს დოკუმენტს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენელთა ან/და მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მაცხოვრებელთა მიერ საქართველოს მოქალაქეთა გატაცებაში, მათთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, წამებასა და სიცოცხლის მოსპობაში ეჭვმიტანილი და მსჯავრდებული, აღნიშნული დანაშაულების ხელშემწყობი და დანაშაულების დაფარვაში შემჩნეული პირების შესახებ. 

სიის შექმნა ევროპული საქართვლოს ინიციატივა იყო. სია მას შემდეგ შეიქმნა, რაც ახალგორიდან დევნილი, სოფელ წილკანში მცხოვრები არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს და წამებით მოკლეს.

რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც წერია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნასთან დაკავშირებით და მის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შავ სიაში შეიყვანონ ის პირები, რომლებიც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შევლენ. ასევე მათ მიმართ შემოღებული იყოს ევროკავშირის მასშტაბით სანქციები.

 

კომენტარები