ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

ძალადობის მსხვერპლი ქალი, რომელსაც პროკურატურა ცრუ დასმენაში ადანაშაულებს

ხატია ღოღობერიძე
0 კომენტარი

ყოფილი სპეცრაზმელი, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ძალოვან უწყებაში მუშაობდა, ამტკიცებს, რომ ყოფილმა ცოლმა მასზე იძალადა, შემდეგ კი პოლიციაში დარეკა და მოიტყუა, რომ მსხვერპლი თვითონ იყო. პროკურატურას სწორედ ამ ვერსიის სჯერა და შემთხვევიდან 6 თვის შემდეგ, ოჯახში ძალადობაში ბრალდებული კაცის შესახებ აცხადებს, რომ მას ბრალეულობა არ დაუდასტურდა და მის ყოფილ ცოლს, თამარ ბეკარაშვილს ცრუ დასმენას ედავება.

შემთხვევა 2 თებერვალს მოხდა, როცა თამარ ბეკარაშვილი ყოფილი ქმრის სახლში შვილის წამოსაყვანად მივიდა. ქალი ყვება, რომ წლების განმავლობაში იყო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, რის გამოც ქმართან დაშორების გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, სწორედ ამის შემდეგ ნ.ყ. დაემუქრა, რომ შვილებს წაართმევდა და ამას ამ დრომდე ცდილობს.

თამარ ბეკარაშვილის განცხადებით, 2 თებერვალს 4 წლის შვილი სახლში უნდა წაეყვანა, თუმცა ყოფილმა ქმარმა უთხრა, რომ ბავშვი ტირის მასთან ერთად წასვლა არ უნდა.

"შვილების მეურვეობასთან დაკავშირებით სასამართლო დავა რამდენიმე თვეა გრძელდება. ამ პერიოდში ბავშვთან ყოფნის დროის გადანაწილებასთან დაკავშირებით სიტყვიერი შეთანხმება გვქონდა - დილით ბაღში მე ვტოვებდი, საიდანაც მამას გამოჰყავდა და საღამოს, სამსახურის შემდეგ, მამის სახლიდან უკვე მე მიმყავდა სახლში. იმ დღესაც, როცა დავრეკე და ვუთხარი, რომ მოვდივარ და ბავშვი გაამზადონ, მიპასუხეს არ უნდა წამოსვლაო. მანამდე იგივე მიზეზით ორი დღით დავუტოვე ბავშვი და მესამე დღეს უკვე პრინციპულად მოვითხოვე, რომ  უნდა წამომეყვანა. ვითხოვდი, ბავშვი მაჩვენეთ, ხელში დავიჭერ და დავამშვიდებ ჩემს შვილს-მეთქი. გამოიყვანეს ბავშვი, ხელში ავიყვანე, თუმცა ბებია ხელს არ უშვებდა. ჩემს ყოფილ ქმარს ცალ ხელში კამერა ეჭირა და ამ ყველაფერს იღებდა, მეორე ხელით ბავშვის გამორთმევას ცდილობდა და რომ მოვეშორებინე, ფეხი მოიქნია. ჩემკენ მოქნეული ფეხი მოხდა დედაჩემს, რადგან გადამეფარა. როცა ბავშვი დედამისმა გამოგვართვა, ამას ხელი გაუთავისუფლდა და მუშტების დარტყმა დაიწყო, მომაყენა თავზე დაზიანება", - ამბობს თამარ ბეკარაშვილი.

ქალი ყვება, რომ მას ექსპერტიზამ ძალადობის კვალი ვერ აღმოუჩინა, თუმცა დედის დაზიანებები დადასტურდა. ხელზე ნაკაწრი და ფეხზე ჩალურჯება აღმოაჩნდა ყოფილ ქმარსაც. სწორედ ამის საფუძველზე ის ამტკიცებს, რომ თამარ ბეკარაშვილმა მასზე იძალადა და შემდეგ პოლიციაში ცრუ დასმენის მიზნით დარეკა.

რას ამბობს პროკურატურა

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალი ახლა ბრალდებულია. დღეს საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების სხდომა გაიმართა, სადაც თამარ ბეკარაშვილს 1000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. ბრალდების მხარე გირაოდ 2000 ლარს ითხოვდა, დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას. მოსამართლემ მიიჩნია, რომ არსებობდა განმეორებითი კონფლიქტის საფრთხე, თუმცა არ გაიზიარა პროკურატურის მოსაზრება, რომ ბეკარაშვილი მტკიცებულებებს გაანადგურებდა.

სასამართლო პროცესზე პროკურატურის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ თამარ ბეკარაშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის მიმართ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებით ისარგებლა და ძალადობის შესახებ შურისძიების მიზნით მოიტყუა.

გარდა ამისა, პროკურორ თამარ იაკობიძეს გაუჩნდა კითხვა, როგორ უნდოდა 4 წლის შვილის ხელში აყვანა დედას, როცა ის ტიროდა და ამბობდა, რომ დედასთან არ უნდოდა.

ცნობისთვის, სასამართლო სხდომამდე გავრცელებულ განცხადებაშიც პროკურატურა ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ბავშვს, რომელიც 4 წლისაა, წასვლა არ უნდოდა და ტირილი ამიტომ დაიწყო.

ტაბულას კითხვას, როგორ დაადგინეს ბავშვის ტირილის მიზეზი და გამორიცხავენ თუ არა, რომ ეს შესაძლოა მამის ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგიც ყოფილიყო, პროკურორი პასუხობს:

"ბავშვი ამბობდა, რომ მას არ სურდა დედასთან წასვლა, ეს არ იყო მხოლოდ ტირილი. თუმცა ეს ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ მეორეხარისხოვანია, ვინაიდან ჩვენ ბავშვის ტირილი საერთოდ არ გვაქვს ბრალის ფორმულირებაში გამოყენებული. აქ საუბარია იმაზე, რომ მეუღლის მიმართ განხორციელდა ძალადობა და ცრუ დასმენა".

რაც შეეხება მტკიცებულებებს და მოწმეებს, პროკურატურა გუშინ გავრცელებულ განცხადებაში ამტკიცებდა, რომ თამარ ბეკარაშვილის ბრალი დასტურდება მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, დაზარალებულისა და სხვა ნეიტრალური მოწმეების ჩვენებებით.

თუმცა, დღეს პროკურორი აცხადებს, რომ ვიდეოში მხოლოდ კონფლიქტი დასტურდება და უშუალოდ ძალადობის ნაწილი არ ჩანს

"თუმცა აღწერილია საკმაოდ არასასიამოვნო საუბარი და აგრესია", - დასძენს თამარ იაკობიძე.

მისივე თქმით, საქმეში არიან ნეიტრალური მოწმეებიც, მათ შორის მეზობლები, თუმცა მათ რაოდენობას არ აკონკრეტებს. პროკურატურის მოწმეებს შორის არის უშუალოდ დაინტერესებული მხარე - ბავშვების მამა და მისი ოჯახის წევრები. ასევე, იაკობიძის მტკიცებით, საქმეში არის ბავშვის ჩვენებაც, რომელიც ბეკარაშვილის დანაშაულზე მიუთითებს.

"სასამართლომ მიიჩნია, რომ როგორც ცრუ დასმენის, ისე ძალადობის ნაწილში, არსებობდა კითხვის ნიშნები. სასამართლოს რომ კითხები გასჩენოდა, რა თქმა უნდა აღკვეთის ღონისძიებას არ გამოიყენებდა, თუმცა გამოიყენა. ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით", - უთხრა დღეს პროკურორმა ჟურნალისტებს.

კითხვას, რატომ დასჭირდათ 6 თვე მოძალადის დასადგენად, თამარ იაკობიძე პასუხობს, რომ გამოძიების პროცესის კონკრეტული ვადა განსაზღვრული არ არის და მას როცა გადასცეს საქმე, "ძალიან მალე იქნა მიღებული გადაწყვეტილება".

ადვოკატების პოზიცია

თამარ ბეკარაშვილის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ორგანიზაციაში შემაშფოთებლად მიიჩნევენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დევნას ცრუ დასმენის ბრალდებით. ადვოკატი მერი დაუშვილი ამბობს, რომ ეს არის საშიში ტენდენცია ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და შესაძლოა, მსგავსი შემთხვევების გამო, მათ პოლიციას აღარ მიმართონ.

"აღნიშნული გადაწყვეტილება ლახავს არამხოლოდ თამუნას ინტერესს, რომელიც რეალურად მსხვერპლია და ბრალი წაუყენეს, ასევე საფრთხის შემცველია ზოგადად ქალებისთვის, რომლებიც პოლიციაში რეკავენ და ითხოვენ დახმარებას. ისინი შეიძლება შეშინდნენ, რომ ერთ დღეს თავადაც იგივე მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ, როგორშიც თამუნა არის. მისი ინიციატივით გამოძახებული იყო პოლიცია, მან განაცხადა, რომ იყო ძალადობის მსხვერპლი და დღეს ვხედავთ, რომ ის ბრალდებულის სკამზეა. ეს ძალიან საშიში პრეცედენტია", - ამბობს ადვოკატი.

რაც შეეხება კონკრეტულად ამ საქმეს, მერი დაუშვილის ინფორმაციით, თამარ ბეკარაშვილის ყოფილი ქმარი შვილებთან დაკავშირებული სასამართლო დავის გამო დაინტერესებულია, რომ მისი ყოფილი ცოლი ბრალდებულად ცნონ. ადვოკატი ამბობს, რომ ნ.ყ.-მ არაერთხელ მიმართა სასამართლოსა და პროკურატურას და ყოფილი ცოლისგან დამცავი და შემაკავებელი ორდერი მოითხოვა, თუმცა მისი გასაჩივრების შედეგად სასამართლო ადგენს, რომ ორდერის საჭიროება არ არის. სხვაგვარადაა საქმე თამარ ბეკარაშვილის შემთხვევაში - მას მოძალადე ყოფილი ქმრისგან ამ წუთებშიც შემაკავებელი ორდერი იცავს, აქამდე კი დამცავი ორდერიც ჰქონდა.

ადვოკატისთვის გაუგებარია 1000-ლარიან გირაოსთან დაკავშირებით მოსამართლე დავით კურტანიძის გადაწყვეტილება და მის გასაჩივრებას აპირებს. მერი დაუშვილის თქმით, ახალი დანაშაულის საფრთხე არ იკვეთება, გარდა ამისა, თამარ ბეკარაშვილი წარსულში არათუ ნასამართლევი, ადმინისტრაციულ სახდელდადებულიც კი არ არის.

გარდა ამისა, დაცვის მხარე ეჭვქვეშ აყენებს იმ მოწმეების სანდოობას, რომელსაც ბრალდების მხარე "ნეიტრალურს" უწოდებს

"ძირითადი მოწმეები არიან დაზარალებულად ცნობილი ყოფილი ქმარი და ოჯახი, რომლებიც დაინტერესებული არიან, რომ თამუნა დამნაშავედ იქნეს ცნობილი, რათა ბავშვებთან დაკავშირებით დავა მათ სასარგებლოდ გადაწყდეს", - ამბობს ადვოკატი.

მერი დაუშვილი ხაზს უსვამს, რომ ამ დრომდე არავინაა პასუხისგებაში მიცემული თამარ ბეკარაშვილის დედისთვის დაზიანებების მიყენების გამო, როცა ეს დაზიანებები დადასტურებული ექსპერტიზის დასკვნითაც.

რას ჰყვება თამარ ბეკარაშვილი

თამარ ბეკარაშვილის თქმით, ნ.ყ.-სთან ერთად 9 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ორი შვილი ჰყავთ. ამბობს, რომ ამ პერიოდში იყო უთანხმოებები, რომლებიც ხშირად ძალადობით მთავრდებოდა

"სხვადასხვა სახის ძალადობა იყო, რამდენჯერმე იარაღიც კი დამადო, მაშინ ჰქონდა იარაღის ტარების უფლება და იარაღით მემუქრებოდა. თუმცა ამის შესახებ არასდროს არავის გაუგია მანამ, სანამ უკიდურესად არ დაიძაბა ჩვენი ურთიერთობა. მისგან წამოსვლაც მორიგი კონფლიქტის შემდეგ გადავწყვიტე, მან კი განიზრახა, რომ გავემწარებინე და ჩემთვის შვილები წაერთმია. ამას არც მალავს,  პოლიციაში ოფიციალურ დოკუმენტებშიც აფიქსირებს, რომ მიზნად ისახავს რომ შვილები წამართვას და უნდა რომ შვილებმა მასთან იცხოვრონ. ამ მიზნის მისაღწევად ადამიანი არ იხევს უკან არაფერზე, აბსოლუტურად ყველაფერს კადრულობს და ახლა ვართ იმ ეტაპზე, რომ ბრალიც კი წამიყენეს. მე მექნება ბრალდებულის სტატუსი ეს იქნება მისთვის სასარგებლო", - ამბობს თამარი.

მისი ინფორმაციით, დაშორების შემდეგ ყოფილი ქმარი ცდილობდა ბავშვები მის წინააღმდეგ განეწყო, რაც უფროსი შვილის შემთხვევაში გამოუვიდა კიდეც. თამარი ყვება, რომ რაც უფრო მეტ დროს ატარებდა ის მამის სახლში, მით უარყოფითად იყო განწყობილი დედის მიმართ.

„გვაქვს ფსიქოლოგის დასკვნა, სადაც წერია, რომ უფროსი შვილი არის მამის ფსიქოლოგიური ზეგავლენის ქვეშ, არის „მამის მოკავშირე ბავშვი“, არსებობს ასეთი ტერმინი. ამ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახორციელებს პირდაპირი და არაპირდაპირი გზით. ყველა მეთოდს იყენებს, იქნება ეს დაპირებები, გართობა და ა.შ. არ არსებობს მათთვის მოთხოვნა თუ სურვილი, რომელსაც მამა არ შეუსრულებს, მიუხედავად იმისა, არის ეს მათი ნორმალური განვითარებისთვის მიზანშეწონილი თუ არა. დისნეილენდში წაყვანას შეჰპირდა, რაზეც ვუთხარი, რომ არ გავუშვებდი და იმის მერე განაწყენებულია ჩემზე. საზღვარგარეთ წასვლაზე უარის თქმის საფუძვლიანი მიზეზი მაქვს - მამამისმა მითხრა, რომ აპირებს ბავშვების სამუდამოდ საზღვარგარეთ წაყვანას, გადავლენ რუსეთში საცხოვრებლად და 20 წლის მერე თვითონ მომძებნიან ბავშვები. მითხრა, რომ მე ახალი შვილების გაჩენაზე და ახალ ცხოვრებაზე უნდა ვიზრუნო, რადგან ესენი უკვე დაკარგული მყავს", - ამბობს თამარ ბეკარაშვილი.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მან 2017 წლის დეკემბერს სასამართლოს მიმართა და ითხოვს ბავშვებმა იცხოვრონ მასთან და მამა გადაიხადოს ალიმენტი. ამის სანაცვლოდ, ნ.ყ.-მ ბავშვების მამასთან ცხოვრება, ყოფილი ცოლის მხრიდან ალიმენტი და მისი ნებართვის გარეშე შვილების საზღვარზე გადაყვანის უფლება მოითხოვა.

"ამ ხნის მანძილზე, ის ძალას არ იშურებდა იმისთვის, რომ საქმე შემოეტრიალებინა და იმის ნაცვლად, რომ თვითონ აგოს პასუხი ჩადენილ დანაშაულზე, ამბობს თითქოს მე მივაყენე დაზიანებები. არადა არის ძალოვანი სტრუქტურის ყოფილი თანამშრომელი, ფიზიკურადაც ძლიერია და თურმე მე და დედაჩემმა, რომელიც 57 წლისაა, დავჩაგრეთ და მივაყენეთ ფიზიკური დაზიანებები. ამას აცხადებს და პროკურატურაც უდასტურებს", - ამბობს თამარი.

ის ყვება, რომ 2 თებერვალს, მისი ყოფილი ქმარი ყველაფრის ვიდეოს იღებდა, თუმცა პოლიციაში დამონტაჟებული წარადგინა, სადაც დარტყმა არ ჩანს. თამარის თქმით, მას ტ.ყ.-ზე არ უძალადია და ეჭვი აქვს, რომ მან თვითდაზიანებები მიიყენა

"მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს არის თვითდაზიანებები, ჩვენ ფიზიკურად არ გვქონდა იმის საშუალება, რომ თავს დავსხმოდით და დაზიანება მიგვეყენებინა. ჯერ ბავშვს ვეპოტინებოდით, რადგან ლამის ძირს დავარდა. დედაჩემს ფეხი რომ ჩაარტყა, რა ნაკაწრების მიყენების საშუალება უნდა გვქონოდა, ჩაიკეცა და მოვტრიალდი, რომ მიმეხედა", - ყვება ის.

--------

თამარ ბეკარაშვილს ახლა ერთდროულად ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა - შვილების მეურვეობისთვის და უდანაშაულობის დასამტკიცებლად. ძალადობისა და ცრუ დასმენის ბრალდების საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 16 აგვისტოს გაიმართება.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს პირველი ოქროს მედალი გურამ თუშიშვილმა მოუტანა (video)

კომენტარები