გამოცდების ეროვნული ცენტრი

სამინისტრო: კონდიციონერი დამონტაჟდა იმ ცენტრში, რომელიც განსაკუთრებით მზიან მხარესაა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განმარტებით, გაგრილების სისტემა საპილოტე რეჟიმში დამონტაჟდა იმ საგამოცდო ცენტრში, რომელიც განსაკუთრებით მზიან მხარეს წარმოადგენს. სამინისტროს განცხადებით, საგამოცდო ცენტრებში გაგრილების სისტემის არარსებობა მუდმივად პრობლემას წარმოადგენდა, რის გამოც, მინისტრ მიხეილ ჩხენკელის ინიციატივა იყო, საკითხი ეტაპობრივად მოგვარებულიყო. 

"შესაბამისად, გაგრილების სისტემა წელს საპილოტე რეჟიმში დამონტაჟდა იმ საგამოცდო ცენტრში, რომელიც განსაკუთრებით მზიან მხარეს წარმოადგენს, ხოლო დანარჩენი ცენტრების აღჭურვა, რომელიც სოლიდურ ბიუჯეტს საჭიროებს, მხოლოდ და მხოლოდ პილოტირების შემდეგ განხორციელდება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ წელს ყველა საგამოცდო ცენტრში შესაბამისად მოწესრიგდა და გარემონტდა სველი წერტილებიც“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა თქვა, რომ წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კონდიციონერი მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში იქნება.

კომენტარები