ევროკავშირი

ევროკავშირი რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებს კიდევ 6 თვით ახანგრძლივებს

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

ევროკავშირის ლიდერები რუსეთისათვის 2014 წელს ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში ამბოხებულების მხარდაჭერის გამო დაწესებული სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში ოფიციალურად შევა ძალაში და რუსულ ბანკებთან, ფინანსურ და ენერგეტიკულ სექტორებთან ბიზნესის წარმოებაზე შეზღუდვებს კიდევ 6 თვით გაახანგრძლივებს.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ლიდერების შეხვედრამდე იტალიის პარლამენტში გამოსვლისას პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ თქვა, რომ ევროპის მიერ რუსეთისათვის ეკონომიკური სანქციების განახლება ავტომატური პროცესი არ უნდა იყოს.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ რუსეთისათვის სანქციების განახლება ავტომატურად არ ხდებოდეს." "ჩვენ სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ამას. სანქციები საშუალება უნდა იყოს და არა მიზანი." თქვა კონტემ და განმარტა, რომ იტალია დიდ ყურადღებას დაუთმობს იტალიური კომპანიების ინტერესების დაცვას.

იტალიის ამჟამინდელი სამთავრობო კოალიციის წევრი ორივე პარტია, "ჩრდილოეთის ლიგა" და "5 ვარსკვლავის მოძრაობა" რუსეთთან დაახლოების და სანქციების გადახედვის მომხრეა.

28-29 ივნისს ევროკავშირის ლიდერებმა შეთანხმებას მიგრაციის საკითხზეც მიაღწიეს. 9-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ისინი შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირში ჩასულ მიგრანტებს მოხალისეობის პრინციპზე დაყრდნობით გადაანაწილებენ და ევროკავშირის შიგნით თავშესაფრის მაძიებელთათვის სპეციალურ ცენტრებს შექმნიან.

ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილ მიგრანტებზე პასუხისმგელობას გადაინაწილებენ. ეს მოთხოვნა იტალიის პრემიერმინისტრმა წამოაყენა და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში იტალია შეთანხმებას ხელს არ მოაწერდა. "იტალია მარტო აღარ არის." თქვა შეთანხმების მიღწევის შემდეგ ჯუზეპე კონტემ.

საბოლოო შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ ბლოკის ქვეყნებს შორის შიდა მიგრაციას შეზღუდავენ, თუმცა საერთაშორისო კანონების ფარგლებში კონკრეტული ზომების მიღება თავად ქვეყნების სურვილზეა დამოკიდებული. შეთანხმება ასევე მოიცავს ბლოკის გარე საზღვრებზე კონტროლის გამკაცრებას და თურქეთის, მაროკოსა და სხვა ჩრდილოეთ აფრიკული ქვეყნებისათვის დაფინანსების გაზრდას, რათა ევროპაში არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა გააძლიერონ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები