კრიმინალი

ქრთამის აღების ბრალდებით სამხედრო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

0 კომენტარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტთან ერთად, სამხედრო პოლიციის და "ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და მეომართა ვაზიანის კავშირის" თანამშრომლები დააკავეს.

საუბარია ორ პირზე, რომლებსაც გამოძიება თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის შვილისთვის ქრთამის სანაცვლოდ საცხოვრებელი ფართის გადაცემას დაჰპირდა.

"ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მონიტორინგის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი გიორგი გ. და ააიპ "საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და მეომართა ვაზიანის კავშირის" ხელმძღვანელი მიხეილ გ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი გ. და მიხეილ გ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის შვილს - ლ.ს-ს, ქ. თელავში, სამხედრო ქალაქის დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი ფართის მუდმივ სარგებლობაში და შემდგომ საკუთრებაში გადაცემას დაჰპირდნენ, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 4000 ლარის გადახდა მოსთხოვეს", - ამბობენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ვეტერანთა კავშირის ხელმძღვანელმა მოქალაქეს თანხის ნახევარი, 2000 ლარი სამხედრო პოლიციის თანამშრომელთან შეთანხმებით გამოართვა, რა დროსაც ის დააკავეს.

"2018 წლის 27 ივნისს, მიხეილ გ-მ, გიორგი გ-სთან წინასწარი შეთანხმებით, ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე სავაჭრო ცენტრ - "ლილო-მოლის" მიმდებარე ტერიტორიაზე აღნიშნულ მოქალაქეს გამოართვა ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნახევარი - 2000 ლარის ოდენობით, ხოლო 2018 წლის 29 ივნისს - თანხის დარჩენილი ნაწილი - 2000 ლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. იმავე დღეს ბრალდებულის სახით გიორგი გ-ც დააკავეს", - აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები