სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

ხორავას ქუჩის საქმეზე კომისია პირველ რეკომენდაციებზე ორშაბათს შეთანხმდება

Mediamall.GE

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით შექმნილი საპარლამენტო კომისია ორშაბათს იმ რეკომენდაციებზეც იმსჯელებს, რომელიც კომისიამ უნდა გასცეს.

ამ დროისთვის ორი რეკომენდაცია არსებობს და ისინი "ევროპული საქართველოს" წევრებმა შეიმუშავეს - კონფლიქტში მონაწილე მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის, ხოლო ამავე კონფლიქტში მონაწილე გ.მ.-ს დაჭრაზე გამოძიების დაწყება.

მათგან ერთ-ერთს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არ ეთანხმებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ კალანდიას მიმართ დევნის დაწყება ნაადრევია.

"ერთ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, რომ პრობლემას არ შევქმნით. იმიტომ რომ ეს არ არის პრინციპული საკითხი - გ.მ.-ს სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიების დაწყება. რაც შეეხება მეორე საკითხს, ჩვენ ალბათ გავიზიარებთ მათ შორის არასამთავრობო სექტორის აზრს, რომ ეს ხომ არ არის ნაჩქარევი გადაწყვეტილება, რადგან ინციდენტში მონაწილე პირებიც არ არიან ჯერ გამოკითხულები და ხომ არ არის იურიდიული პრობლემები, მათ შორის რეგლამენტთან დაკავშირებით და სისხლის სამართლებრივი კუთხით", - ამბობს მამუკა მდინარაძე.

შემუშავებულ რეკომენდაციებს იზიარებს სარალიძეების ოჯახი. ამის შესახებ დღეს ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ განაცხადა.

"ძირითადად არის დასმული ის საკითხები, რომელიც გამოძიებას უკვე უნდა გაეკეთებინა. ის რეკომენდაციები, რაც წარმოგვიდგინეს პროექტის სახით, უკვე შესრულებული უნდა ყოფილიყო და ამაზე მსჯელობა არ უნდა დაწყებულიყო. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ ამაზე ვთანხმდებით და საქმის მტკიცებულებები გვაძლევს იმის საფუძველს, რომ დავეთანხმოთ ამ რეკომენდაციებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს გამოძიება", - ამბობს ადვოკატი.

გარდა ამისა, რეკომენდაციებს ეთანხმება საქართველოს სახალხო დამცველი, რომლის წარმომადგენელი დღეს კომისიასა და არასამთავრობო სექტორს შორის შეხვედრას ესწრებოდა.

"ვიმსჯელეთ კონკრეტულ რეკომენდაციებზე, რომელიც შემუშავებულია. ამ ეტაპზე კონკრეტული შენიშვნის გაკეთება ძალიან გვიჭირს. მემგონი ფაქტობრივად და სამართლებრივად გამართულია ეს რეკომენდაციები. ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია. ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელზეც ამ კონკრეტულ რეკომენდაციებშია საუბარი, ჩვენც ანალოგიური მიგნებები გვქონდა და ბუნებრივია, ფაქტობრივი თვალსაზრისით ამ გარკვეულ ეჭვებს და კითხვის ნიშნებს ვეთანხმებით. ეს კითხვის ნიშნები ჩვენც გვაქვს", - ამბობს ომბუდსმენის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე.

გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ეთანხმება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც. რაც შეეხება მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას, ორგანიზაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ იდეალური იქნება, თუ კომისიის წევრები გადაწყვეტილებას სრული კონსენსუსის შედეგად მიიღებენ.

"გადაწყვეტილება საბოლოოდ ცხადია კომისიამ უნდა მიიღოს და მე ვისურვებდი, რომ კომისიამ გადაწყვეტილება მიიღოს სრული კონსენსუსის შედეგად. ეს ალბათ იდეალური იქნებოდა", - აღნიშნა სულხან სალაძემ.

კომისიის თავმჯდომარე, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ მუშაობის ფარგლებში სხვა რეკომენდაციებიც შემუშავდება.

"ეს რეკომენდაციები იქნა ინიცირებული რამდენიმე დღის წინ. საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ ისინი ყოფილიყო განხილული კომისიის კონკრეტული წევრების, ასევე არასამთავრობო სექტორის მიერ. ეს არ არის ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ გამოვეცით. კომისიის მუშაობის ფარგლებში, მას შემდეგ, რაც შევხვდებით არასრულწლოვნებს და დავკითხავთ სხვა მოწმეებს, გვექნება კონკრეტული რეკომენდაციები და დასკვნები სხვა მიმართულებითაც", - აღნიშნა კაპანაძემ.

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით პარლამენტში არსებული დროებითი საგამოძიებო კომისია ორშაბათს, 2 ივლისს შეიკრიბება და რეკომენდაციების განხილვის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ წარმომადგენელს და ზვიად კუპრავას მოუსმენს, რომელიც ზაზა სარალიძესთან ერთად ალტერნატიულ გამოძიებას აწარმოებდა.

კომენტარები