აშშ

აშშ-ის ყველა შტატში საიმიგრაციო პოლიტიკის გასაპროტესტებლად 750 ღონისძიება იგეგმება

Getty Images

აშშ-ში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის "ნულოვანი ტოლერანტობის" საიმიგრაციო პოლიტიკის გასაპროტესტებლად აქციების გამართვა იგეგმება. ორგანიზატორების თქმით აქციები ყველა შტატში იგეგმება და მოელიან, რომ მათზე ათასობით ადამიანი გამოვა.

30 ივნისს შტატებში 750-ზე მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი ლოზუნგით "ოჯახები ერთად უნდა იყონ." მთავარი ღონისძიება დედაქალაქ ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ იგეგმება.

მომიტინგეები აშშ-მექსიკის საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო დაკავებული ოჯახის წევრებისაგან ათასობით მცირეწლოვნის დაშორებასთან ერთად ხუთი მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებისათვის მოგზაურობაზე შეზღუდვის დაწესებასაც გააპროტესტებენ.

შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს "ნულოვანი ტოლერანტობის" საიმიგრაციო პოლიტიკა ვაშინგტონის სენატის შენობაში "ქალთა მარშის" ორგანიზებითაც გააპროტესტეს. არასანქცირებული აქციის გამართვის გამო 600-მდე ქალი დააკავეს და ჯარიმის დაკისრების შემდეგ გაათავისუფლეს.

მიმდინარე წლის მაისსა და ივნისსში აშშ-ში არალეგალი მიგრანტებისადმი "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკის ფარგლებში ოჯახებს 2,300-ზე მეტი ბავშვი დააშორეს.

დონალდ ტრამპმა მიგრანტთა ოჯახების განცალკევების აკრძალვას ხელი 20 ივნისს მოაწერა.

კომენტარები