თამაზ ელიზბარაშვილი

მოქალაქის თქმით, ელიზბარაშვილის გამო ემუქრებიან - ელიზბარაშვილი მას "მშიშარა კაცს" უწოდებს

ცხოველთა თავშესაფრის მფლობელს, თამაზ ელიზბარაშვილს მოქალაქე ცილისწამებასა და მუქარაში ადანაშაულებს. გუდუნა დარბუაშვილის თქმით, ელიზბარაშვილმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ცემით დაემუქრა.

შემთხვევა მეტროსადგურ დელისთან, 25 ივნისს მოხდა, როცა ელიზბარაშვილი თანამოაზრეებთან ერთად აქციას მართავდა.

აქციის მიზეზი უპატრონო ძაღლებთან დაკავშირებით 112-ში შესული ზარი გახდა, რომლის საფუძველზეც ძაღლები თავშესაფარში გადაიყვანეს. ელიზბარაშვილი ამტკიცებს, რომ ძაღლების წაყვანა სწორედ გუდუნა დარბუაშვილმა მოითხოვა და ამით ისინი სასიკვდილოდ გაწირა, დარბუაშვილის თქმით კი, ამ ძაღლებმა მისი ძაღლის დაკბენა სცადეს და 112-ში მხოლოდ იმის გასარკვევად დარეკა, იყვენენ თუ არა ისინი აცრილები.

ის ყვება, რომ 23 ივნისს, ღამით, ძაღლს ასეირნებდა დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, როცა მისკენ რამდენიმე ქუჩის ძაღლმა გაიწია. მისი თქმით, სწორედ ამიტომ დაინტერესდა ჰქონდათ თუ არა გაკეთებული მათ აცრა, რის შესახებაც დაწერა ფეისბუქზე. სწორედ აქ მას ურჩიეს, რომ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურისთვის მიემართა.

"დავწერე სტატუსი - ვის მივმართო ადეკვატურს, რომ ძაღლები არ მოკლას და რამე არ დაუშავოს-მეთქი. რომ მხოლოდ და მხოლოდ გადაამოწმოს ის, რაც მე მაინტერესებს. მივმართე ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს. ოპერატორს ვუთხარი, რომ მოხდა ინციდენტი, არც მე და არც ჩემი ძაღლი არ ვართ დაშავებულები, ცოფზე ეჭვი არ მაქვს, თუმცა რადგან ჩემი ძაღლების მიმართ აგრესიულები იყვნენ, სამომავლოდ მინდა ვიცოდე აცრილები არიან თუ არა", - ამბობს გუდუნა დარბუაშვილი.

თამაზ ელიზბარაშვილის თქმით კი, მეტროსადგურ დელისთან მყოფ ძაღლებს სტერილიზაცია გაკეთებული ჰქონდათ და არც საშიშროებას წარმოადგენდნენ.

თავშესაფარში მათ გადაყვანას ელიზბარაშვილის და მისი თანამოაზრეების აქცია მოყვა, სადაც ელიზბარაშვილმა თავად მიიწვია დარბუაშვილი და Facebook-ის ლაივში სიმართლის თქმა შესთავაზა, თუმცა მას შემდეგ, რაც დარბუაშვილმა ამაზე უარი თქვა, ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა. ვიდეოში კარგად ისმის, როგორ ეუბნება ელიზბარაშვილი დარბუაშვილს - "ძალით არ მომაყვანინო თავი! მოდი ბიჭო აქ! ნუ გიყვირივარ კი არა გაგხევ ცემაში ახლა".

"ჩემი მხრიდან აგრესია მას შემდეგ წამოვიდა, როცა მან მომატყუა, რადგან წინა დღეს ვესაუბრე და მითხრა, რომ მზად იყო მოსულიყო და ეთქვა, კონკრეტულად რა შინაარსის ზარი განახორციელა მონიტორინგის სამსახურში. თუმცა Facebook ლაივში განცხადების გაკეთებაზე უარი თქვა. იმიტომ დავემუქრე, რომ მომატყუა ამხელა კაცი", - ამბობს ელიზბარაშვილი ტაბულასთან.

გუდუნა დარბუაშვილის თქმით კი, სურდა აქციაზე მისული მოქალაქეებისთვის 112-ში დარეკვის მიზეზი აეხსნა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს.

"აქციაზე მისვლისას თამაზ ელიზბარაშვილი ჩვეულებრივად მელაპარაკებოდა, კამერების ჩართვისთანავე გადმოვიდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე და დამემუქრა. ჩემი უფლებაა გადავწყვიტო გავაკეთებ თუ არა კამერის წინ იმ კომენტარს, რასაც ელიზბარაშვილი ჩემგან აგრესიული ფორმით ითხოვდა", - აღნიშნავს ის.

დარბუაშვილის თქმით, ამ დღის შემდეგ მას დღემდე ემუქრებიან და არის კიბერ ბულინგის მსხვერპლი.

"ხორციელდება სერიოზული ბულინგი, ცილისწამება. დღემდე მომდის მესიჯები. გარდა ამისა, თამაზ ელიზბარაშვილი ლაივებში მლანძღავს და ვერ ვხვდები თავი როგორ უნდა დავიცვა, მივმართე სახელმწიფო სტრუქტურას და დღემდე ველოდები რეაგირებას, არავინ დამკავშირებია", - ამბობს დარბუაშვილი.

ამის საპასუხოდ კი თამაზ ელიზბარაშვილმა ტაბულას უთხრა, რომ მუქარის შემცველ შეტყობინებებს თავადაც ხშირად იღებს, მაგრამ ამაზე რეაქცია არ აქვს, დარბუაშვილი კი "მშიშარა კაცია".

"მშიშარა კაცია და პამპერს გავუგზავნი, რა ზომას ითხოვს მითხარით. მე დღეში მუქარის 50 მესიჯი მომდის და კი არ ვწივივარ ვიღაცა ბ*ზი ქალივით", - უთხრა მან ტაბულას.

აღსანიშნავია ისიც, რომ თამაზ ელიზბარაშვილმა გუშინ, 29 ივნისს ფეისბუქზე გამოაქვეყნა გუდუნა დარბუაშვილის ფოტო და მას ძაღლთმოძულე, ბოროტი და ლაჩარი უწოდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აქციაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება არ ადაწყებულა, რადგან ორივე მხარის გამოკითხვის შემდეგ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა.

რაც შეეხება ძაღლების ამჟამინდელ ადგილსამყოფელს, ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ 23 ივნისს ისინი თავშესაფარში ნამდვილად გადაიყვანეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ძაღლებთან დაკავშირებით საჩივარი ხშირად შედიოდა და ორჯერ დაკბენის ფაქტიც დაფიქსირდა.

ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში ამბობენ, რომ სულ 6 ძაღლი გადაიყვანეს თავშესაფარში, რომლებიც აგრესიულები იყვნენ მხოლოდ მაშინ, როცა ჯგუფურად გადაადგილდებოდნენ. ამიტომ, კინოლოგებმა ისინი გააცალკევეს და სამი მათგანი მიმკედლებლებმა წაიყვანეს, რომლებიც კონკრეტულ ქუჩაზე ცხოველებზე ზრუნვის, მისი მოვლის პასუხისმგებლობას იღებენ. 3 ძაღლი კვლავ თავშესაფარში რჩება და უწყებაში აცხადებენ, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები