სირია

სირიული მედიის მიხედვით ბაშარ ალ-ასადის ძალებმა სირიის სამხრეთით 5 ქალაქი აიღეს

Getty Images

გავრცელებული ინფორმაციით ბაშარ ალ-ასადის ძალებმა სირიის სამხრეთით ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რამდენიმე ქალაქი აიღეს. სირიის სახელმწიფო მედიის მიხედვით სამთავრობო ძალებს სამხრეთ დარას პროვინციის 5 ქალაქი ჩაბარდა.

ქალაქებზე ასადის ძალების თავდასხმა კვირაზე მეტ ხანს გრძელდებოდა, რის გამოც ათასობით ადამიანს საკუთარი სახლების მიტოვება მოუწია.

გაეროს ინფორმაციით იორდანიის საზღვირს და გოლანის მაღლობის მიმართულებით 160,000-მდე ადამიანს მოუხდა გაქცევა. იორდანია და ისრაელი აცხადებენ, რომ მათ საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ მისცემენ.

გავრცელებული ცნობით, ქალაქ დარაში გამაგრებული ამბოხებულები ასადის მოკავშირე რუსეთთან მოლაპარაკებებს ცდილობდნენ, თუმცა მათი თქმით შემოთავაზებული პირობები "რთული მისაღებია." არსებული ინფორმაციით რუსულმა მხარემ ამბოხებულებს იარაღის ჩაბარება მოსთხოვა და თქვა, რომ ყველა, ვინც ბრძოლაში მონაწილეობდა გასამართლდება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში სირიის სამხრეთით საჰაერო დარტყმები გააქტიურდა. სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიხედვით საჰაერო დაბომბვის დროს, რომელშიც რუსული თვითმფრინავებიც მონაწილეობდა, სამი საავადმყოფო დაზიანდა და 100-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

კომენტარები