კრიმინალი

შსს: გორში და სენაკში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნილია - დაკავებულია სამი პირი

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გახსნილია შიდა ქართლსა და სამეგრელოში ბოლო პერიოდში მომხდარი ქურდობის ფაქტები და ქურდობის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი.

უწყებაში აცხადებენ, რომ გორში, მეზობლის საცხოვრებელი ბინის ქურდობისთვის 1997 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელიც წარსულში ნასამართლევია და პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ გორში, მეზობლის საცხოვრებელ ბინაში, ამავე ბინაში მცხოვრები არასრულწლოვნის მიერ ელექტრომრიცხველის ყუთში დამალული გასაღების გამოყენებით, უკანონოდ შეაღწია, საიდანაც საყოფაცხოვრებო ნივთები და ტელევიზორი მოიპარა, რის შემდეგაც და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა მოპარული ტელევიზორი და ე.წ. რესივერი გორში, ერთ-ერთ ლომბარდიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს, ხოლო ალუმინის ჭურჭელი სოფელ მეჯვრისხევში, ფერადი ლითონების ჩამბარებელ პუნქტში აღმოაჩინეს", - აცხადებენ შსს-ი.

გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სენაკში, მაღაზია "ელიტ ელექტრონიქსის" ქურდობის ბრალდებით კი ორი პირი დააკავე - 2000 წელს დაბადებული ი.კ. და 1993 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბ.ჯ.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მაღაზია "ელიტ ელექტრონიქსიდან" 10 მობილური ტელეფონი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ", - აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები