კრიმინალი

შსს: ბოლო 6 თვეში 202 უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და 1877 საბრძოლო ვაზნა ამოვიღეთ

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის წლის 1 იანვრიდან დღემდე, სხვადასხვა სისტემისა და მოდელის 202 უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და 1877 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ იარაღი და ვაზნები თბილისში, სამეგრელოში, აჭარაში, იმერეთში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში ამოიღეს.

შსს-ს განცხადებით, უწყება უკანონო იარაღის და საბრძოლო მასალის ამოღების მიზნით, მუშაობას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე ოპერაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციასაც ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოჯახში ძალადობაში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1969 წელს დაბადებული ს.ტ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამში დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ივნისს საკუთარ შვილს - 2005 წელს დაბადებულ ა.ტ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც პოლიციამ იგი დაუყოვნებლივ დააკავა.

სამართალდამცველებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, საიდანაც ამოიღეს დიდი ოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: პისტოლეტი, სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 218 საბრძოლო ვაზნა, ხელყუმბარა, სანადირო თოფის კონდახი და ე.წ. ცევეო, ოპტიკური სამიზნე და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი", - აცხდებენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება ოჯახში ძალადობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-პრიმა მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება სხვა დაკავებებს, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 2002 წელს დაბადებული რ.უ., დააკავეს.

"სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, "მაკაროვისა" და "გოლდსტარის" სისტემის პისტოლეტები, 3 მჭიდი და 40 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს", - აცხადებენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები