მექსიკა

დღეს მექსიკაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართება

Getty Images

დღეს მესქიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები იმართება. 88 მილიონი მექსიკელი პრეზიდენტს, პარლამენტის ზედა და ქვედა პალატის წევრებს, ზოგიერთ შტატსა და ქალაქში კი, მათ შორის დედაქალქ მეხიკოში გუბერნატორებს და მერებს აირჩევს. ჯამში მექსიკელები 18,000 პოსტზე აირჩევენ კანდიდატებს.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული მოქმედ პრეზიდენტს, ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტიის წარმომადგენელ ენრიკე პენია ნიეტოს ჩაანაცვლებს, რომელსაც კანონმდებლობიდან გამომდინარე ხელახლა კენჭის ყრა არ შეუძლია. გარდა ამისა პენია ნიეტოს რეიტინგი მკვეთრადაა შემცირებული.

მექსიკის პრეზიდენტს 6-წლიანი ვადით 1929 წლიდან მოყოლებული ირჩევენ, თუმცა ამ დრომდე პოსტს მხოლოდ ორი მთავარი პარტიის, ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტიის და მექსიკის ეროვნული მოქმედების პარტიის წარმომადგენლები იკავებდნენ.

ამ დროისათვის გამოკითხვებში მემარცხენე კანდიდატი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი ლიდერობს, რომელსაც სხვაგვარად "ამლოს"-ს უწოდებენ. ის პოლიტიკურ კოალიცია "ერთად შევქმნით ისტორიას" წარმოადგენს. კოალიციაში შედიან მემარცხენე ლეიბორისტული პარტია, მემარცხენე "ეროვნული აღდგენის მოძრაობა" და კონსერვატიული "სოციალური შეხვედრის პარტია."

ლოპეს ობრადორის გარდა პრეზიდენტის პოსტზე კენჭს კიდევ სამი კანდიდატი იყრის:

მმართველი ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტიის წარმომადგენელი ხოსე ანტონიო მეადე, პარტია ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი კონსერვატორი რიკარდო ანაია და დამოუკიდებელი კანდიდატი ხაიმე როდრიგესი.

საპრეზიდენტო არჩევნებში მექსიკის ყოფილი პრეზიდენტის, ფილიპე კალდერონის მეუღლე, მარგარიტა ზავალა დე კალდერონიც მონაწილეობდა, თუმცა საკუთარი კანდიდატურა მაისში მოხსნა.

წინასაარჩევნო პერიოდში მექსიკაში სისხლიანი დაპირისპირებები გახშირდა. ოფიციალური მონაცემებით 2017 მექსიკაში 25,000 ადამიანი მოკლეს. სექტემბერში წინასაარჩევნო რეგისტრაციის დაწყების შემდეგ 28 ივნისის ჩათვლით კი 133 პოლიტიკოსი მოკლეს. მოკლულთა უმეტესობა ადგილობრივ არჩევნებში იყრიდა კენჭს.

კომენტარები