სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

კუპრავა: სუბელიანი თავისი შვილის გამომძიებელს თავზე მონიტორინგის სამსახურივით ადგა

პარლამენტი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მომუშავე საგამოძიებო კომისია დღეს ზაზა სარალიძის მეგობარს, ზვიად კუპრავას უსმენს. 

კუპრავამ დეპუტატებს საქმის მისთვის ცნობილი გარემოებების შესახებ უთხრა. 

კუპრავას თქმით, მირზა სუბელიანი თავად ესწრებოდა პროკურატურაში თავისი შვილის დაკითხვას, რომელიც დაპირისპირებაში მონაწილეობდა. 

ასევე, როგორც კუპრავა ამბობს, მისთვის და ზაზა სარალიძისთვის ცნობილი გახდა, რომ დაპირისპირებაში ქართული ოცნების ერთ-ერთი დეპუტატის შვილი მონაწილეობდა, თუმცა საქმეში არ ფიგურირებდა, როგორც მოწმე. კუპრავას თქმით, ამის გამო სარალიძეს, რომელიც თავდაპირველად გამოძიებას ენდობოდა, ეჭვები გაუჩნდა.  

"ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ საქმეში, მირზა სუბელიანის შვილის გარდა, ასევე მონაწილეობდა ქართული ოცნების ერთ-ერთი დეპუტატის შვილი და არ ფიგურირებდა, როგორც მოწმე. 

მე და ზაზას მანამდე გვქონდა დოკუმენტი,რომელიც გამოძიებას ჰქონდა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ამბებში მონაწილეების ჩამონათვალი, რომელიც 10-მდე ადამიანისგან შედგებოდა. ამბობდნენ, რომ ჯამში იყო 25 ადამიანი, თუმცა იდენტიფიცირებული იყო 10, დანარჩენებზე კი ამბობდნენ - "და სხვები". 

ვინაიდან ვიცოდით, რომ ამ ამბებში ქართული ოცნების ერთ-ერთი დეპუტატი მონაწილეობდა, მაგრამ მისი გვარი "და სხვებში" იყო, გაჩნდა ლოგიკური ეჭვი, რომ აქ მალავდნენ იმ ადამიანებს, ვისზეც გამოძიებას გასვლა არ უნდოდა. პირველი კითხვის ნიშნები სწორედ ამან გააჩინა - თუნდაც იმ ფაქტმა, რომ დეპუტატის შვილი მონაწილეობდა და საქმის მასალებში არ ფიგურირებდა, თუნდაც იმან, რომ მირზა სუბელიანი მუშაობდა პროკურატურაში და როდესაც მისი შვილი იკითხებოდა მას ახლდა თან.

მართალია მირზა სუბელიანი პროკურატურაში შვილს ახლდა, როგორც მშობელი, თუმცა ამავდროულად თავზე ადგა გამომძიებელს, რომელიც კითხვებს უსვამდა მის შვილს. ის ამავე დროს იყო მაღალი თანამდებობის პირი. ამ შემთხვევაში გამომძიებელი ვერ დასვამს კრიტიკულ კითხვებს. მირზა იყო დაინტერესებული, არ დასმულიყო კრიტიკული კითხვები გამომძიებლის მხრიდან. ჩვენი იმდროინდელი შეფასებით, მირზა იყო მონიტორინგის სამსახურის შემსრულებელი, რათა მის შვილთან კრიტიკული კითხვა არ დასმულიყო“, - თქვა კუპრავამ

მან შსს-ის წარმომადგენელზე, კახა სირაძეზეც ისაუბრა. კუპრავას თქმით, დანაშაულის ადგილის, ფარდულის დანგრევას ხორავას ქუჩაზე კახა სირაძე გულგრილად მოეკიდა, ვინაიდან მირზა სუბელიანისგან იყო დავალებული. 

"როდესაც მერაბიშვილი დაიჭირეს, კახა სირაძე თავის თანამშრომლებთან და უახლოეს მეგობრებთან ერთად: მირზოევი ოთარი, ჭანუყვაძე შოთასთან, კაჭარავა გიორგი, ქურხული ლაშა, ანჯაფარიძე გელა, დიდებაშვილი გოგიტა - ამ პირებთან ერთად კახა სირაძე დაიბარეს გენერალურ ინსპექციაში. მათ მიაჩნდათ, რომ ეს პირები იყვნენ ვანო მერაბიშვილის გარემოცვა შსს-ში. მოსთხოვეს პატაკების დაწერა სამსახურიდან წასვლაზე. მათ დაწერეს პატაკები, თუმცა, თარიღი, გენერალური ინსპექციის მოთხოვნით, არ იყო დასმული. 

ამის შემდეგ კახა სირაძემ დაურეკა თავის უახლოეს მეგობარს, მირზა სუბელიანს და დახმარება სთხოვა. თავის მხრივ სუბელიანმა, გაუწია შუამდგომლობა ამ ადამიანებს და ათი ნაწილი დატოვეს შსს-ში, მათ შორის კახა სირაძე. ნაწილი გაათავისუფლეს. 

მას შემდეგ, რაც მოხდა ხორავას ქუჩის ტრაგედია, სუბელიანი დაუკავშირდა კახა სირაძეს და სთხოვა, ყურადღება მიექცია ფარდულის საქმისთვის. 

ამის მერე კახა სირაძე მოიქცა გულგრილად, არ დაიცვა ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება, შემთხვევის, მკვლელობის ადგილი, ფარდული, დაანგრიეს ის, მე ვიყავი ეზოში დანგრევის შემდეგ, მეზობლებმა მითხრეს, რომ ისინი მივიდნენ პოლიციაში, იკითხეს, ფარდულის დანგრევა შეიძლებოდა თუ არა და პოლიციამ მათ მისცა უფლება, ფარდული დანგრეულიყო", - ყვება კუპრავა. 

კომენტარები