ხორავას ქუჩის საქმე

გამომძიებელი 24 იანვრის დათვალიერების ოქმში მირზა სუბელიანს "უცნობ მამაკაცს" უწოდებს

ხორავას ქუჩის საქმეზე შექნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შსს-ს სამ წარმადგენელს კითხავენ. უმცირესობის დეპუტატის ირაკლი აბესაძის კითხვაზე სამივე მათგანმა განაცხადა, რომ მირზა სუბელიანს არ იცნობს.

ამის შემდეგ, ირაკლი აბესაძემ თბილისის პოლიციის უფროსს შალვა ბედოიძეს, თბილისის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს უფროსს იოსებ სიგუას და თბილისის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელს ირაკლი ფიფიას ვიდეოჩანაწერი აჩვენა, რომელშიც თენგიზ კალანდია და მირზა სუბელიანი ერთად გამოდიან შენობიდან. ეს ვიდეო ირაკლი ფიფიას 24 იანვარს აქვს დათვალიერებული და მასზე შესაბამისი ოქმი შედგენილი - "კადრში ჩანს თენგიზ კალანდია, რომელიც უცნობ მამაკაცთან ერთად გამოდის საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან და გადის კადრიდან" - წერია ოქმში.

ირაკლი აბესაძემ შსს-ს სამივე წარმომადგენელს ჰკითხა, რა ღონისძიებები გაატარეს “უცნობი მამაკაცის” ვინაობის დასადგენად. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ინფორმაციით, მირზა სუბელიანი შვილთან ერთად მკვლელობის დღეს, 1 დეკემბერსვე იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში, ხოლო 2 დეკემბერს, მისი გადადგომის შესახებ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება.

ირაკლი აბესაძე - ბატონო იოსებ, როდესაც საუბარია საქმის ერთერთი მთავარი ფიგურანტის ეზოზე, რა ღონისძიებები გაატარეთ, რომ დაგედგინათ ვიდეოკამერაზე აღმოჩენილი უცნობი მამაკაცი, რომელიც ყველასთვის ცნობილი მირზა სუბელიანია?

იოსებ სიგუა - იმ დროისთვის, როცა კამერა ვნახეთ, მირზა სუბელიანი დადგენილი არ გვყოლია.

ირაკლი აბესაძე - 24 იანვარს არ იცოდით, მირზა სუბელიანი ვინ იყო?

იოსებ სიგუა - პირადად მე არ დამითვალიერებია კამერა

ირაკლი აბესაძე - გასაგებია, თქვენ არ გაცნობიხართ ოქმს. ბატონო შალვა, რა ღონისძიებები გაატარეთ იმისთვის, რომ დაგედგინათ, ვინ იყო ბატონი კალანდიას გვერდით "უცნობი მამაკაცი?"

შალვა ბედოიძე - კონკრეტული ოქმების გაცნობა ჩემს კომპეტენციაში არ შედის.

ირაკლი აბესაძე - ანუ ეს ოქმი თქვენ არ გინახავთ. ბატონო იოსებ, თქვენც არ გინახავთ. ბატონი კახაც [სირაძე] ბევრ რამეზე ამბობდა, რომ არ უნახავს. სამწუხაროა, რომ ბატონი ირაკლია მხოლოდ პასუხისმგებელი, როგორც ჩანს თქვენი გადმოსახედიდან. ეს ასე თუა, ძალიან გაუგებარია.

ახლა ბატონო ირაკლი [ფიფია], თქვენ როცა უთითებთ ოქმში, რომ ის არის უცნობი მამაკაცი, მაშინ როცა ყველა გყავთ გაშიფრული, მანქანაში მსხდომი პირებსაც კი აღწერთ, ვინ არიან, პირდაპირ ასე გკითხავდით - რამე მითითება იყო, რომ მირზა სუბელიანი არ მოხვედრილიყო ოქმებში თუ მართლა ვერ დაადგინეთ მისი ვინაობა 2018 წლის 24 იანვარს, მაშინ როცა 2017 წლის 2 დეკემბერს სუბელიანმა თანამდებობა დატოვა იმიტომ, რომ ამ საქმეში მისი შვილის არსებობის გამო თითქოს გამოძიების ობიექტურობას არ შექმნოდა პრობლემა?

ირაკლი ფიფია - გიდასტურებთ, 24 იანვარს არის ჩანაწერები ჩემ მიერ დათვალიერებული. ამ პერიოდში მე არ ვიცნობდი მირზა სუბელიანს, შესაბამისად, ოქმში ვერანაირად ვერ ჩავწერდი სახელით და გვარით, ვისაც ვიცნობ სახელით და გვარით, ვინც მინახავს...

ირაკლი აბესაძე - რა ღონისძიებები გაატარეთ, რომ დაგედგინათ უცნობი მირზა სუბელიანის ვინაობა. ან რატომ არ იყო საინტერესო, ვისთან ერთად ჩნდება კადრში საქმის ერთერთი ფიგურანტი ზუსტად იმ დროს, როცა მთელი რიგი ღონისძიებები მიდის დანაშაულის დაფარვის?

ირაკლი ფიფია - მოგახსენებთ ბატონო ირაკლი, ამ კადრებში არამხოლოდ ეს ადამიანია უცხო, არამედ უამრავი ადამიანია.

ირაკლი აბესაძე - თენგიზ კალანდიასთან ერთად სხვა უცნობებიც არიან ამ კამერაში და ისინიც არ გაგიშიფრავთ?

ირაკლი ფიფია - ამ კონკრეტული ვიდეოჩანაწერის კონკრეტულ დროს თენგიზ კალანდიასთან ერთად გამოდის იმ დროისთვის ჩემთვის უცნობი მამაკაცი, რომლის იდენტიფიცირება...

ირაკლი აბესაძე - სხვა უცნობი პირებიც არიან?

ირაკლი ფიფია - არა.

ირაკლი აბესაძე - ანუ ერთადერთი ამოუხსნელი უცნობი, რომელსაც ტოვებთ კამერაზე, რატომღაც არის მირზა სუბელიანი

ირაკლი ფიფია - დიახ, რატომღაც ჩემთვის. 2018 წლის 24 იანვარს მირზა სუბელიანს მე არ ვიცნობ, შესაბამისად, ვერანაირად ვერ დავწერდი მის სახელს და გვარს ოქმში. ხომ უნდა ვიცნობდე იმ ადამიანს სახეზე, რომ მოვახდინო მისი იდენტიფიცირება.

ირაკლი აბესაძე - ბატონო ირაკლი, მანქანაში ისხდნენ ბრალდებული გიორგი შაგურიშვილი და მისი საცოლე, რომელიც ამ საქმესთან არანაირ შემხებლობაში არ არის. საიდან იცოდით, რომ მისი საცოლე იჯდა მანქანაში?

ირაკლი ფიფია - მოგახსენებთ, 2018 წლის 24 იანვარს როცა ვათვალიერებთ კამერებს, მიმდინარეობს გამოძიება გამოყოფილ საქმეზე. ამ კამერების ჩანაწერები არის მტკიცებულება იმ პირების მიმართ, ვინც მოახდინა გ.ჯ-ს გადამალვა, ასევე იმ პირების, ვინც გადამალა გარკვეული ტანსაცმელი. შესაბამისად, ოქმში ასახულია, როგორც მნიშვნელოვანი გარემოება, რომ მოწმეების ჩვენებებით, მანქანაში სხედან ეს გ.ჯ, მ.კ, და ასევე შაგურიშვილი და წინწკალაძე.

ირაკლი აბესაძე - და მისი საცოლე. ანუ თქვენ გაშიფრეთ საცოლე ავტომანქანაში, მაგრამ არ გინდათ გაშიფროთ სუბელიანი, რომელიც იცით, რატომ არის დღეს ბრალდებული?

ირაკლი ფიფია - ვიცი

ირაკლი აბესაძე - იმიტომ, რომ ზუსტად იმ მომენტში. როცა თქვენ კამერაზე არ დააფიქსირეთ გამოძიების დროს რომ მირზა სუბელიანია, ზუსტად მაგ დროს რა ქმედებებსაც ჩადის, 7 თვის შემდეგ წარედგინა ბრალი. ჩემი შეფასებით, ძალიან კარგად იცოდით, ვინც იყო მირზა სუბელიანი, მაგრამ არასრულად შეიტანეთ მონაცემები, რა კვალიფიკაცია ჰქვია ამას სამართლებრივ ენაზე, ეს შემდგომი შეფასების საგანია.

ირაკლი ფიფია - არავის არაფერი არ დაუმალავს. მე პირადად არ ვიცნობდი და ვერანაირად ვერ მოვახდენდი მის იდენტიფიცირებას. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ დაკავებულია მირზა სუბელიანი, გამოძიების იმ ეტაპზე ჩვენ არ გვქონდა არანაირი ეჭვი, რომ მას ჩადენილი ჰქონდა დანაშაული.

ირაკლი აბესაძე - თუ არ ამოიცნობდით კამერაზე და ჩვენებებს არ აიღებდით ნორმალურად, არც გექნებოდათ არანაირი ეჭვი.

ირაკლი ფიფია - არ ვიცნობდი და როგორ უნდა დამეწერა?

ირაკლი აბესაძე - მარტო თქვენს ცნობაზეა საქმის გამოძიება და იდენტიფირება? თენგიზ კალანდიას პირადად იცნობდით?

ირაკლი ფიფია - ვიცნობდი

ირაკლი აბესაძე - შაგურიშვილს პირადად იცნობდით? მის საცოლეს პირადად იცნობდით? რა რიცხვში გყავთ ნანახი?

ირაკლი ფიფია - არ აქვს მნიშვნელობა

ირაკლი აბესაძე - ეს თქვენთვის არ აქვს მნიშვნელობა. ბატონო იოსებ, თქვენ ხელმძღვანელი . ბრძანდებით და გეკითხებით, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოქცეულიყო გამომძიებელი, რა ღონისძიებები უნდა გაეტარებინა, რომ ენახა, ვინ იყო თენგიზ კალანდიასთან ერთად?

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 2017 წლის 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მეორე - სამართალდამცავებს 4 დეკემბერს ჩაბარდა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი წარუდგინეს ხუთ პირს, მათგან სამი - დააკავეს. დაკავებულთაგან ერთერთი - შსს-ს თანამშრომელი იყო.

31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.

ამის შემდეგ, თბილისში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლის ორგანიზატორიც დაღუპული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე იყო. მისი თქმით, დავით სარალიძის მკვლელები დასჯილები არ არიან. ის დანაშაულის დაფარვაში ბრალს მიხეილ კალანდიას და მირზა სუბელიანს სდებდა.

აქციების შემდეგ, გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, ხოლო საქმე პროკურატურისგან კლავ შსს-მ გადაიბარა. ამის შემდეგ, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს მირზა სუბელიანი, ხოლო პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის უმრავლესობაშიც საპარლამენტო უმცირესობაა.

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უკვე დაკითხა დაღუპული მოზარდების მშობლები, ასევე, შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლები. ამ ეტაპზე გარკვეულია, რომ ხორავას ქუჩაზე კიდევ ერთი პირი დაიჭრა, ხოლო მიხეილ კალანდიას, რომელიც მისივე ჩვენებით, დაჭრილ სარალიძეს ურტყამდა, გამოძიება თანამონაწილედ არ მიიჩნევს. გარდა ამისა, თვითმხილველთა ნაწილი არ დაკითხეს და ქუჩის ვიდეოჩანაწერები დროულად არ ამოიღეს.

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ევროპულმა საქართველომ კომისიაზე წინასწარი რეკომენდაციები უკვე დააყენა - კერძოდ, მოითხოვა მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის, ხოლო მესამე დაჭრილის საქმეზე გამოძიების დაწყება. ამ ეტაპზე, ქართული ოცნების დეპუტატები ამ რეკომენდაციებს არ ეთანხმებიან, რის გამოც, დაღუპული არასრულწლოვნის მამამ ზაზა სარალიძემ შსს-სთან აქცია დაიწყო.

კომენტარები