გერმანია

მერკელმა და ზეეჰოფერმა მიგრაციის შეჩერების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს

ანგელა მერკელი, ჰორსტ ზეეჰოფერი
AFP

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა და ბავარიული ქრისტიან-სოციალური კავშირის ლიდერმა ჰორსტ ზეეჰოფერმა მიგრაციის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ზეეჰოფერი თანამდებობის დატოვებას აღარ აპირებს.

მერკელი დათანხმდა მის მოთხოვნას ავსტრიის საზღვარზე კონტროლის გამკაცრების თაობაზე, რათა ევროკავშირის სხვა ქვეყნებში დარეგისტრირებული მიგრანტების გერმანიაში შესვლა შეწყდეს. ასევე გაიხსნება სატრანზიტო ცენტრები, სადაც ეს მიგრანტები გაჩერდებიან, სანამ მათი უკან დაბრუნება მოხერხდება.

მერკელმა თქვა, რომ შეთანხმება რთული მოლაპარაკებების შემდეგ კარგი კომპრომისია.

შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებები მას შემდეგ გაიმართა, რაც გავრცელდა ცნობები, რომ ზეეჰოფერი პროტესტის ნიშნად გერმანიის მთავრობასა და საკუთარ პარტიაში დაკავებული თანამდებობების დატოვებას აპირებდა.

ზეეჰოფერის აზრით გერმანიას უნდა ჰქონდეს უფლება მიღებაზე უარი უთხრას იმ მიგრანტებს, რომლებიც ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში უკვე დარეგისტრირდნენ. შესაბამისად, ზეეჰოფერს 2015 წელს ანგელა მერკელის მიერ შემოღებული ღია კარის პოლიტიკის გაუქმება სურს. ცვლილება ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნების ღია საზღვრების სისტემაზეც მოახდენს გავლენას. ანგელა მერკელი ამ ცვლილებების წინააღმდეგი იყო.

გასულ კვირას ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე ლიდერები, მათ შორის ანგელა მერკელი, შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირში ჩასულ მიგრანტებს მოხალისეობის პრინციპზე დაყრდნობით გადაანაწილებენ და ევროკავშირის შიგნით თავშესაფრის მაძიებელთათვის სპეციალურ ცენტრებს შექმნიან.

ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილ მიგრანტებზე პასუხისმგელობას გადაინაწილებენ. ეს მოთხოვნა იტალიის პრემიერმინისტრმა წამოაყენა და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში იტალია შეთანხმებას ხელს არ მოაწერდა. "იტალია მარტო აღარ არის." თქვა შეთანხმების მიღწევის შემდეგ ჯუზეპე კონტემ.

საბოლოო შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ ბლოკის ქვეყნებს შორის შიდა მიგრაციას შეზღუდავენ, თუმცა საერთაშორისო კანონების ფარგლებში კონკრეტული ზომების მიღება თავად ქვეყნების სურვილზეა დამოკიდებული. შეთანხმება ასევე მოიცავს ბლოკის გარე საზღვრებზე კონტროლის გამკაცრებას და თურქეთის, მაროკოსა და სხვა ჩრდილოეთ აფრიკული ქვეყნებისათვის დაფინანსების გაზრდას, რათა ევროპაში არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა გააძლიერონ.

მანამდე, 24 ივნისს ევროკავშირის ლიდერებმა მიგრაციის პრობლემასთან დაკავშირებით ბრიუსელში საგანგებო სამიტი გამართეს, რომელსაც 16 ქვეყნის ლიდერები ესწრებოდნენ.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა თქვა, რომ მიგრაციის საკითხზე ევროკავშირის ცალკეულ წევრებთან პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოებას აპირებს, ვინაიდან ბლოკმა ერთობლივი გზის შემუშავება ვერ შეძლო. მისი თქმით ქვეყნები უნდა შეეცადონ დაეხმარონ ერთმანეთს და გაითვალისწინონ ვისთვის რა არის მნიშვნელოვანი ოცდარვავე წევრის ლოდინის გარეშე.

ამის შემდეგ, გასულ ხუთშაბათს, საბერძნეთის პრემიერმინისტრმა, ალექსის ციპრასმა თქვა, რომ მისი ქვეყანა მზადაა ხელი მოაწეროს გერმანიასთან ორმხრივ შეთანხმებას, რომელიც გერმანიას თავშესაფრის მაძიებელთა სხვა ევროპულ ქვეყნებში გაბრუნებას გაუადვილებს.

ციპრასის თქმით სპეციალური შეთანხმება ხელს შეუწყობს "მეორადი მიგრაციის" შემცირებას, როდესაც მიგრანტები ევროკავშირის სამხრეთით მდებარე ქვეყნებში ჩასვლის შემდეგ ჩრდილოეთით, გერმანიაში მიდიან, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ორმხრივ შეთანხმებას მიგრაციის კრიზისზე დიდი გავლენა არ ექნება რადგან საბერძნეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით საზღვარს ყოველ თვე მხოლოდ 50-დან 100-მდე მიგრანტი კვეთს.

კომენტარები