მალაიზია

11 წლის გოგონაზე დაქორწინების გამო მალაიზიელი იმამის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

მალაიზიაში, კელენტანის შტატში მცხოვრები იმამის წინააღმდეგ გამოძიება 11 წლის ტაილანდელი გოგონაზე დაქორწინების გამო დაიწყო.

41 წლის ჩე აბდულ კარიმ ჩე აბდულ ჰამიდმა დაარღვია კანონი, რომლის მიხედვით მუსლიმი გოგოებისთვის ქორწინების ასაკი მინიმუმ 16 წელია.

როგორც გოგონას მამა ამბობს, მისი შვილი მომავალ ქმარს იცნობდა, რადგან ოჯახი მის ერთ-ერთ პლანტაციაში მუშაობს. როცა იმამმა ბავშვზე დაქორწინება პირველად ითხოვა, ოჯახმა მას ასაკის გამო უარი უთხრა. საბოლოოდ იმამი დათანხმდა, რომ გოგონას გაზრდას დაელოდებოდა და შემდეგ წაიყვანდა.

იმამმა და არასრულწლოვნის მამამ შეთანხმება დადეს, რომლის მიხედვით, გოგონა მშობლების სახლში 16 წლამდე უნდა დარჩენილიყო.

მამის თქმით, გოგოს ქორწინების შემდეგ სახლი არ დაუტოვებია. 

ქორწილი ტაილანდში გაიმართა. გამოძიება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ცერემონიაზე გადაღებული ფოტო იმამის ერთ-ერთმა ცოლმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

როგორც მედია წერს, კაცს 2 ცოლი და 6 შვილი ჰყავს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში იმამის 6 თვემდე პატიმრობა და ჯარიმა ემუქრება.

 

კომენტარები