სკრიპალების საქმე

The Sun- ბრიტანეთის პოლიციას სკრიპალების მოწამვლის საქმეში ორი ეჭვმიტანილი ჰყავს

ბრიტანული გამოცემა The Sun, სკოტლანდ იარდზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიტანელმა სამართალდამცავებმა ყოფილი რუსი ორმაგი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალსა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში ეჭვმიტანილი ორი პირი გამოავლინა.

გამოცემა წერს, რომ ორმა ეჭვმიტანილმა დიდი ბრიტანეთი თავდასხმის შემდეგ, დილით დატოვა. ამჟამად, როგორც The Sun-ი წერს, ისინი შესაძლოა რუსეთში იყვნენ. 

ჟურნალისტები ამბობენ, რომ ბრიტანეთის პოლიციის მიზანია ყველა იმ პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს, რომელიც რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკის მოწამვლის საქმეშია გარეული.

სკოტლანდ იარდში​ 4 მარტს სოლსბერიში მომხდარი თავდასხმის შესაძლო შემსრულებლების იდენტიფიცირების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. როგორც სამართალდამცავები ამბობენ, გამოძიება გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსული იარაღით მოწამლეს. პოლიციის ვარაუდით ისინი საკუთარ სახლში მოიწამლნენ. რუსული წარმოშობის მომწამლავი ნივთიერების, "ნოვიჩოკის" ყველაზე დიდი შემცველობა ამ დრომდე სწორედ მათი სახლის კარზეა აღმოჩენილი.

იულია სკრიპალი აპრილში, ხოლო სერგეი სკრიპალი 18 მაისს გაწერეს საავადმყოფოდან. 

სკრიპალების მოწამვლაზე პასუხისმგებლობა ლონდონმა მოსკოვს დააკისრა, რასაც კრემლში ამ დრომდე კატეგორიულად უარყოფენ.

მათი მოწამვლის საპასუხოდ დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა.

150-მდე რუსი დიპლომატი გააძევეს სხვადასხვა ქვეყნიდან, რასაც რუსეთმა იმავე რაოდენობის დიპლომატების გაძევებით უპასუხა.

კომენტარები