სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

ლომჯარია: შსს-ს პოზიციაა, რომ ბრალის წარდგენაზე გადაწყვეტილებას პროკურატურა იღებს

ტაბულა

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაცით, ზაზა სარალიძესთან შსს-ს წარმომადგენლების დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი ეხებოდა სხვადასხვა პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საკითხებსაც.

ჟურნალისტების კითხვას მიხეილ კალანდიას მიმართ დევნის დაწყების შესახებ ლომჯარიამ უპასუხა, რომ რადგან ბრალის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას პროკურატურა იღებს, შსს-ს პოზიციაა, სამუშაო შეხვედრა მათთან ჩატარდეს.

ომბუდსმენის ინფორმაციით, პროკურატურასთან შეხვედრის შესახებ მზაობა გამოხატა ყველა მხარემ და შეხვედრა სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დაიგეგმება. ლომჯარიას თქმით, პროკურატურის წარმომადგენლებთან გამოძიების მიმდინარეობაზე, ბრალის წარდგენის სტანდარტებზე და სავარაუდოდ, საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციებზეც იმსჯელებენ.

რაც შეეხება დღეს გამართულ შეხვედრას, სახალხო დამცველის ინფორმაციით, საუბარი საგამოძიებო მოქმედებებზე, კონკრეტული პირების მიმართ ბრალის წარდგენის სტანდარტებზე და განხილული იყო სხვადასხვა მოსაზრება. ლომჯარია ამბობს, რომ შეხვედრა საქმიანი იყო. ის ამბობს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა დეტალებზე დღეს არ ისაუბრებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ზაზა სარალიძესა და უწყების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დღეს გაიმართა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის თქმით, შეთანხმდნენ, რომ კვირის ბოლომდე რადიკალურ ნაბიჯები იქნება გადადგმული. შესაბამისად, ზაზა სარალიძე აქციას წყვეტს და დღეს შსს-ს შენობასთან ღამეს აღარ გაათევს.

ის შეხვედრაზე ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა. ზაზა სარალიძე ამბობს, რომ არ სურს გამოძიებას ხელი შეუშალოს, ამიტომ ამ ეტაპზე შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობს.

მისი ინფორმაციით, შეხვედრას შსს-ს, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენლების ესწრებოდნენ. ზაზა სარალიძესთან შეხვედრაზე არ იმყოფებოდა მინისტრი, გიორგი გახარია.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე წუხელ, მთელი ღამე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იყო. მიხეილ კალანდიას დაკავების მოთხოვნით, ის შსს-სთან გუშინ მივიდა და თქვა, "იქამდე ვიჯდები, სანამ რადიკალურ ზომებს არ მიიღებენ... კრიმპოლის დირექტორს შევხვდი, რომელიც ისევ მიმტკიცებს, რომ მტკიცებულებები არ არსებობს და ვერ დავიჭერთ კალანდიასო."

კომენტარები