ნეირომეცნიერება

ტვინის სტიმულაცია ძალადობრივ განზრახვებს თრგუნავს

კვლევის ავტორი დოქტორ ადრიან რაინე
www.forbes.com

ორშაბათს, Journal of Neuroscience-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ტვინის სტიმულაციის მეშვეობით აგრესიული იმპულსების შემცირებაა შესაძლებელი.

ორმაგად ბრმა კვლევაში, მოხალისეების ტვინის შუბლისწინა ქერქის (Prefrontal Cortex), ელექტრულმა სტიმულაციამ მათში აგრესიულ ქცევაში მონაწილეობის სურვილი დათრგუნა, იმ ჯგუფთან შედარებით, რომელმაც პლაცებო მიიღო.

შუბლისწინა ქერქი თვალების უკან მდებარეობს და დაგეგმვის, აზროვნების და დაყოვნების უნარზეა პასუხისმგებელი.

მეცნიერებმა შეისწავლეს როგორც აგრესიული განზრახვების არსებობა, ასევე ცდისპირების მსჯელობა ჰიპოთეტურ ძალადობაზე და დაადგინეს, რომ დანაშაულის გრძნობა გაცილებით უფრო მაღალი იყო იმ ჯგუფში, რომელთაც მუდმივი დენით ტვინის ტრანსკრანიალური სტიმულაცია (tDCS) ჩაუტარდათ. სტიმულაციის ეს ფორმა თავის ქალაზე მოთავსებული ელექტროდების მეშვეობით ელექტრული იმპულსების ტვინის კონკრეტულ რეგიონებამდე მიწოდებას გულისხმობს.

"ელექტრული დენით ტვინის სტიმულირება არც ისეთი სიგიჟეა, როგორც ჟღერს. შუბლისწინა ქერქის გააქტიურება ამუხრუჭებს აგრესიული ქცევის იმპულსებს", - განაცხადა პენსილვანიის უნივერსიტეტის ნეიროკრიმინოლოგმა და კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ადრიან რაინემ.

ექსპერიმენტის განმავლობაში 39 მოხალისეს ტვინის სტიმულაცია 20 წუთის განმავლობაში უტარდებოდა, პლაცებო ჯგუფს კი დაბალი ძაბვის დენით, სულ რაღაც 30 წამის განმავლობაში. მომდევნო დღეს ორივე ჯგუფმა წაიკითხა ორი ისტორია, ერთი ფიზიკური ძალადობის შესახებ მეორე კი სექსუალური. ამის შემდეგ, ორივე ჯგუფს თხოვეს შეეფასებინათ მსგავსი აქტის შესრულების ალბათობა ერთიდან ათამდე. მათ ასევე შეაფასეს თუ რამდენად მორალურად მცდარია იმოქმედო ისე, როგორც ამ ამბების მთავარი გმირები.

აგრესიის გასაზომად ცდისპირებს ასევე აჩვენეს თოჯინის გამოსახულება, რომელიც ახლობელს ან მეგობარს აღნიშნავდა და თხოვეს, რომ თოჯინის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჭიკარტების ჩხვლეტით გამოეხატათ.

კვლევამ აჩვენა აგრესიული განზრახვების შემცირება 54 %-ით და აგრესიული აქტების შესახებ დანაშაულის გრძნობის 31 %-იანი მომატება იმ ჯგუფში, რომელსაც სტიმულაცია ჩაუტარდა. თოჯინის ტესტში, რომელიც ქცევაში გამოხატულ აგრესიას ზომავს ორივე ჯგუფმა ერთნაირი შედეგი აჩვენა.

კვლევის ერთ-ერტი ავტორის ოლივია ჩოის თქმით, ეს პირველი ნაბიჯია ტვინის სტიმულაციით ანტისოციალური და აგრესიული ქცევის შესწავლაში. ის მიიჩნევს, რომ სამომავლოდ ამან შეიძლება მოიტანოს აგრესიული ქცევის შემცირების არაინვაზიური, შედარებით კეთილთვისებიანი მეთოდები.

კომენტარები