რუსული პროპაგანდა

გოჩა ძასოხოვის მიერ დაფუძნებულ რუსული რბილი ძალის სკოლას მთავრობამ მიწა გადასცა

youtube.com

საქართველოს პრემიერმიერმინისტრის მიერ 13 ივნისს ხელმოწერილი განკარგულებით, თბილისში, გრიშაშვილის ქუჩა 51-ში მდებარე 4,683 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი 2.8 მილიონ ლარად კრემლის მხარდამჭერ ბიზნესმენ გოჩა ძასოხოვის მეუღლის, ლაურა ძასოხოვას მიერ დაფუძნებულ კერძო სკოლა "ინტელექტ პლიუსს" გადაეცა.

ბიზნესმენმა და ორგანიზაცია "საქართველოს ხალხთა ასამბლეის ხელმძღვანელმა" გოჩა ძასოხოვმა კრემლის კუთვნილ გამოცემა Sputnik-ს 2014 წელს მისცა ინტერვიუ, სადაც თქვა, რომ ის საქართველოში რუსული კერძო სკოლების პოპულარიზაციისთვის აქტიურად იმუშავებს. ძასოხოვის სკოლა ინტელექტი უკვე რამდენიმე წელია არსებობს.

"Мы намерены осуществлять проекты по популяризации русского языка и расширению русских школ в Грузии"

"ჩვენ განზრახული გვაქვს განვახორციელოთ პროექტები რუსული ენის პოპულარიზაციისთვის და გვსურს, რომ გავაფართოვოთ საქართველოში რუსული სკოლების ქსელი,"- ამბობს ძასოხოვი.

რუსული ენის პოპულარიზაცია და რუსული სკოლების ქსელის გაფართოვება რუსული რბილი ძალის ერთ-ერთი შემადგენელი პუნქტია, რის შესახებაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც საუბრობს. ამასთანავე კრემლი იყენებს ე.წ. სამეცნიერო, კულტურული და ჰუმანიტარული გზებით საკუთარი რბილი ძალის გავრცელებას. 

სახელმწიფოს მიერ ძასოხოვისთვის მიწის მიყიდვის შესახებ საგამოძიებო სიუჟეტი სტუდია მონიტორმა მოამზადა. სიუჟეტის მიხედვით, ძასოხოვის სკოლა ინტელექტი საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2015 წელსაც მოექცა, როცა სოციალურ ქსელში მოსკოვში გამოცემული გეოგრაფიის სახელმძღვანელოს ფოტოები გავრცელდა, სადაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად წერია.

კომენტარები