საპარტნიორო ფონდი

საპარტნიორო ფონდმა ნაყინისა და ფერების ფესტივალი ჩაატარა

საპარტნიორო ფონდი

სახელმწიფოს კუთვნილმა უმსხვილესმა საინვესტიციო ფონდმა - "საპარტნიორო ფონდმა" სამეგრელოში ფონდის მიერ აშენებულ რუხის სავაჭრო ცენტრში ფერებისა და ნაყინის ფესტივალი ჩაატარა.

საპარტნიორო ფონდის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, რუხის სავაჭრო ცენტრში ფერების ფესტივალი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის „Check in Georgia“-ს ფარგლებში გაიმართა. "თოლიას" ნაყინის ფესტივალი კი კონცერტსა და მრავალფეროვან სახალისო თამაშებს მოიცავდა. სხვადასხვა ქალაქიდან ღონისძიებაზე ჩასულ ბავშვებს ნაყინები უფასოდ დაურიგეს.

სახელმწიფო ფონდის ინფორმაციით, ფერებისა და ნაყინის ფესტივალებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, მოადგილე დავით კოდუა, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და მუნიციპალიტეტების მერები დაესწრნენ.

ღონისძიებების მხარდამჭერები „საპარტნიორო ფონდი“, რუხის სავაჭრო ცენტრი და სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი არიან.

ფესტივალი "გზა ერთობისკენ - რუხი 2018"-ის ფარგლებში, რუხის სავაჭრო ცენტრში ერთთვიანი ფესტივალი კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობებს მოიცავს. ტარდება სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის კონცერტები, ფესტივალები, კონკურსები, შეჯიბრებები, მარათონი, დაჯილდოვებები, ფილმების ჩვენება, საბავშვო ღონისძიებები და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი ტრანსლირება. ფესტივალი „გზა ერთობისკენ - რუხი 2018“ 14 ივნისს დაიწყო და 15 ივლისამდე გაგრძელდება.

საპარტნიორო ფონდი 2011 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მსხვილი აქტივების მომგებიანი მართვისთვის შეიქმნა. ფონდის საკუთრებაშია ქვეყნის უმსხვილესი აქტივები, რომელთა შორისაცაა: საქართველოს გაზის და ნავთობის კორპორაცია, საქართველოს რკინიგზა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა და თელასი (24%-იანი წილი). 

კომენტარები