მთავარი პროკურორი

ამ დროისთვის, მთავარი პროკურორობა 20 კანდიდატს სურს

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მთავარი პროკურორის პოსტზე კიდევ სამი კანდიდატი ლენა კაპანაძე, კოტე ჭილაია და ლევან ძნელაძე წარადგინეს.  

ლენა კაპანაძე მთავარი პროკურორის კანდიდატად საქართველოს ქალთა ეროვნებათშორისო საკოორდინაციო საბჭომ წარადგინა, ლევან ძნელაძე - კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, ხოლო კოტე ჭილაიამ საკუთარი თავი თავად წარადგინა.

დღეისათვის მთავარი პროკურორობა 20 კანდიდატს სურს: პაატა შავაძე, ზურაბ ჯორბენაძე, გია ბერძენიძე, ნანა რევაზიშვილი, თამარკერესელიძე, გრიგოლ გაგნიძე, იოსებ ბაჩიაშვილი, მაია ცაცანაშვილი, ჯემალ გახოკიძე, გიორგი შაშიაშვილი, ნინო გოგნიაშვილი, ედიშერ ფუტკარაძე, შალვათადუმაძე, ირაკლი ნადარეიშვილი, შალვა შავგულიძე, ნონა ფილაური, ალექსანდრე კობაიძე, ლენა კაპანაძე, კოტე ჭილაია და ლევან ძნელაძე. კიდევ ერთმა კანდიდატმა, მთავარი პროკურორის მოქმედმა მოადგილე გიორგი გოგაძემ, თავისი კანდიდატურა 22 ივნისს მოხსნა.

მთავარ პროკურორად შეიძლება აირჩეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ, პროკურორად ან საერთო, ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, ან რომელიც არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი სასწავლებლიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან და რომელსაც აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება.

"მთავარი პროკურორობის კანდიდატი თავისი ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო მაღალი ავტორიტეტით უნდა სარგებლობდეს" - აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 პრიმა მუხლის თანახმად, იუსტიციის მინისტრმა − საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ, მთავარი პროკურორის შესარჩევად საჯარო კონსულტაციები 4 ივნისს დაიწყო. აკადემიურ წრეებს, სამართლის დარგის სპეციალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონით გათვალისწინებული წესით პროკურორობის კანდიდატების წარდგენა შეუძლიათ. კონსულტაციების მიმდინარეობის ერთთვიან პერიოდში მინისტრისათვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას, აკადემიური წრეების დაინტერესებულ წარმომადგენელს ან/და სამართლის დარგის სპეციალისტს.

კონსულტაციების შედეგად იუსტიციის მინისტრი შეარჩევს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავარი პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. მთავარი პროკურორობის კანდიდატების შესახებ წარდგინება უნდა დასაბუთდეს.

იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე. თუ საქართველოს მთავრობა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას განაცხადებს,აღნიშნული კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს მთავარ პროკურორს.

აღსანიშნავია, რომ კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, რომელიც 30-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას მოიცავს, მთავარი პროკურორის არჩევის შეჩერებას მოითხოვს. მათი შეფასებით, პროკურატურისა და საგამოძიებო სისტემის არსებული მოდელი შესაცვლელია.

კომენტარები